გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2023 » ნოემბერი » 13 » ხელოვნური ინტელექტის მომავალი — როგორ შეცვლის AI თანამედროვე სამყაროს? / khelovnuri inteleqtis momavali — rogor shecvlis ai tanamedrove samk
12:27 PM
ხელოვნური ინტელექტის მომავალი — როგორ შეცვლის AI თანამედროვე სამყაროს? / khelovnuri inteleqtis momavali — rogor shecvlis ai tanamedrove samk






ხელოვნური ინტელექტი პირველად წარმატებით 1951 წელს დაიტესტა, როცა მანჩესტერის უნივერსიტეტში კრისტოფერ სტრეიჩის მიერ შექმნილმა პროგრამამ, კომპიუტერ Ferranti Mark 1-ზე, შაშის ერთი სრული პარტიის დამოუკიდებლად თამაში შეძლო. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, დღეს კი ხელოვნური ინტელექტი ჩვენთვის ცნობილ ყველა ტექნოლოგიურ სფეროს საფუძვლიანად ცვლის — მას მოკლე დროში იმ რაოდენობის ინფორმაციის დამუშავება და გაანალიზება შეუძლია, რომლისთვისაც ადამიანს ძალიან დიდი დრო დასჭირდებოდა.

თუ გეჩვენებათ, რომ ხელოვნური ინტელექტის მომავალი ძალიან ცვალებადი და ბუნდოვანია, ეს ერთადერთი რამის დამსახურებაა — ინოვაციები ამ სფეროში ისე სწრაფად ვითარდება, რომ ხშირად მათთვის ფეხის აწყობასაც ვერ ვასწრებთ.

მიუხედავად ამისა, AI კაცობრიობის მომავალს, ფაქტობრივად, ყველა ინდუსტრიაში განსაზღვრავს. ის უკვე არის ისეთი მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სფეროების საფუძველი, როგორებიც დიდი მონაცემები (Big Data) და რობოტიკაა. საერთოდ ცალკე გამოსაყოფი მიმართულებაა გენერაციული ხელოვნური ინტელექტიც — ChatGPT და სხვა AI ხელსაწყოების მიმართ ყოველდღიურად იზრდება ინტერესი რადგან მათი შესაძლებლობების არეალი მუდმივად იზრდება.

IBM-ის მონაცემებით, კომპანიების 44%-ს AI-ში ინვესტირება სურს და 2021 წელს IBM-ის ინვესტორებისათვის წარდგენილი 9130 პატენტიდან 2300 ხელოვნურ ინტელექტთან იყო დაკავშირებული.

ამ ყველაფერზე დაყრდნობით, ნამდვილად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ხელოვნური ინტელექტი სამყაროს დადებითად შეცვლის, თუმცა, საინტერესოა, თუ როგორ მოხდება ეს.

ინდუსტრიები, რომელთაც AI შეცვლის
ფაქტობრივად, არ არსებობს დიდი ინდუსტრია, რომელზეც ხელოვნური ინტელექტის იმ სახემ, რომელსაც დღესდღეობით ვიყენებთ, გავლენა უკვე არ მოახდინა. ინტერნეტისა და ურთიერთდაკავშირებული კომპიუტერული მოწყობილობების გავრცელებასთან ერთად, ეს გავლენა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა.

ისეთი კომპანიები, როგორებიც Google, Apple, Microsoft და Amazon არიან, AI პროდუქტების შესაქმნელად მილიარდებს ხარჯავენ; ხელოვნური ინტელექტი დამოუკიდებელ დისციპლინად ისწავლება უნივერსიტეტებში და, მეტიც, ის ისეთ მნიშვნელოვან სფეროშიც კი მკვიდრდება, როგორიც თავდაცვაა.

ზოგმა ინდუსტრიამ AI თავგადასავალი ახლახან წამოიწყო, ზოგი კი უფრო გამოცდილია, თუმცა ჯერ ნებისმიერ მათგანს გრძელი გზა აქვს გასავლელი.

ხელოვნური ინტელექტი და სატრანსპორტო სფერო
ტრანსპორტი ხელოვნურ ინტელექტთან ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ გადაჯაჭვული ინდუსტრიაა. თვითმართვადი ავტომობილები, მარშრუტის დაგეგმვის AI მოწყობილობები და ა.შ, იდეალური დასაწყისია იმ გავლენის საილუსტრაციოდ, რომელსაც მომავალში ხელოვნური ინტელექტი ჩვენს ყოველდღიურ გადაადგილებაზე იქონიებს. ავტონომიური ტრანსპორტი იდეალურობისგან ჯერ შორს არის, თუმცა ამ მიზანს ადრე თუ გვიან აუცილებლად მიაღწევს.

ხელოვნური ინტელექტი და წარმოება
სხვადასხვა სახის წარმოებაში ხელოვნურ ინტელექტს უკვე წლებია იყენებენ. ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი საწარმოო დანადგარები ჯერ კიდევ 1960-1970-იან წლებში გამოჩნდა. ასეთი მოწყობილობები, როგორც წესი, ადამიანების გვერდით მუშაობენ და ეხმარებიან მათ ისეთი რუტინული საქმიანობის გამარტივებაში, როგორიც მაგალითად, რაიმეს შეფუთვა ან აწყობაა.

ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვის სფეროში
ჯანდაცვაში AI-ის გამოყენებისAI-ის გამოყენების შესახებ ინფორმაცია ფართო აუდიტორიისათვის ცნობილი კოვიდ პანდემიის დროს გახდა, როცა ადამიანები ვაქცინების შექმნის პროცესით დაინტერესდნენ. მიუხედავად ამისა, ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ სარგებლისა, რაც ამ სფეროში ხელოვნურ ინტელექტის გამოყენებას შეუძლია მოიტანოს.

დიდი მოცულობის მონაცემებთან მისი მუშაობის ტემპების დამსახურებით, ხელოვნურ ინტელექტს დაავადების იდენტიფიცირება ადამიანზე სწრაფად და ზუსტად შეუძლია. ასევე, ის იძლევა საშუალებას, დაჩქარდეს ახალი წამლების შექმნის პროცესი და, მეტიც, ვირტუალური AI ასისტენტები სიმპტომების "დაგუგლვის" უსიამოვნო პრაქტიკასაც აგვარიდებენ თავიდან.

ხელოვნური ინტელექტი განათლებაში
განათლებაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლო სარგებელზე საუბარი უსაზღვროდ შეიძლება — AI ის შესწევს ძალა, სრულად შეცვალოს განათლების ყველა ჩვენთვის ცნობილი სისტემა, შექმნას სრულყოფილი სასწავლო მასალები და დაამკვიდროს კვლევის მაღალი სტანდარტი (პლაგიარიზმის ამომცნობი განვითარებული პროგრამებით). ასევე, ხელოვნური ინტელექტს შეუძლია, მიუდგეს ინდივიდუალურად თითოეული მოსწავლის აკადემიურ საჭიროებებს, რაც ადამიანური შრომის პირობებში, საკმაოდ გამოწვევებით სავსე პრაქტიკაა.

ხელოვნური ინტელექტი მომსახურების სფეროში
განვითარებული ჩატბოტები და ვირტუალური ასისტენტები იმის ცხადი ნიშანია, რომ მომსახურების სფერო ძირფესვიანად იცვლება. ხელოვნური ინტელექტის ამ მიმართულებით გამოყენებას რუტინული საქმეების ავტომატიზება და ადამიანური კაპიტალის უფრო მნიშვნელოვანი საქმიანობისკენ მიმართვა შეუძლია. გენერაციული ხელოვნური ინტელექტი, რომელიც დიდი ენობრივი მოდელებითაა აღჭურვილი, სწრაფი, ეფექტიანი და ზუსტია. ამის საუკეთესო მაგალითი არც ისე დიდი ხნის წინ გამოჩენილი ChatGPT-ია, რომლის პასუხებიც რეალურ ადამიანთან დიალოგის მსგავსია — მას შეუძლია გაიგოს, რა სურს მომხმარებელს და დახმარებაც შესაბამისად აღმოუჩინოს.

შორეული მომავალი
დღესდღეობით სამყაროში არსებული AI სისტემების უმრავლესობა ვიწრო ხელოვნური ინტელექტის (ANI) გამოვლინებებია, რაც ნიშნავს, რომ ისინი დაპროგრამებულია კონკრეტული საქმის გასაკეთებლად და სამყაროს ცვალებადობას ფეხს ვერ უწყობს. ზოგადი ხელოვნური ინტელექტი (AGI) კი ეწოდება მოდელს, რომელიც ცვლილებებთან ერთად თავადაც იცვლება, თუმცა, ჯერჯერობით, ასეთი რამე მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკაში არსებობს. მიუხედავად ამისა, 2022-2023 წლებში გამოჩენილმა ინოვაციებმა, გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ისეთმა მოდელებმა, როგორიც ChatGPT-ია, ცხადი გახადეს, რომ ტექნოლოგიური განვითარება თანდათან ამ სივრცესაც უახლოვდება.

იმის ზუსტად ვარაუდი, რა მოხდება მაშინ, თუ ადამიანი ზოგად ხელოვნურ ინტელექტს შექმნის, შეუძლებელია, რადგან ჯერ სრულად ვიწრო ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებსაც არ ვიცნობთ. ერთ რამეში კი ნამდვილად შეგვიძლია, დარწმუნებულები ვიყოთ — დადებითი ტექნოლოგიური ცვლილებების მისაღწევად ჩვენი მომავალი ხელოვნურ ინტელექტზე იმაზე მეტად არის დამოკიდებული, ვიდრე ეს წარმოგვიდგენია.


მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



ნანახია: 234 | დაამატა: nikadzam0808 | ტეგები: art intelect, IBM, ინტერნეტი, მომავალი, xelovnuri inteleqti, andy salimov, ხელოვნური ინტელექტი, Future, chatgpt, bigdata, ტექნოლოგიები, momavali, interneti, teqnologiebi, Technologies, ai, internet, ferranti mark 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...