გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2023 » დეკემბერი » 10 » 8 გზა, როგორ ვიზრუნოთ დაუცველ ცხოველებზე ზამთარში / 8 gza, rogor vizrunot daucvel ckhovelebze zamtarshi
11:08 AM
8 გზა, როგორ ვიზრუნოთ დაუცველ ცხოველებზე ზამთარში / 8 gza, rogor vizrunot daucvel ckhovelebze zamtarshi






ზამთარი ბევრისთვის წლის ყველაზე საყვარელი სეზონია — თოვლი, ახალი წელი და შინ თბილად მოკალათება ვის არ უყვარს?! თუმცა, როცა ტემპერატურა დღითიდღე იკლებს, ხოლო გარეთ უფრო და უფრო ნაკლებ დროს ვატარებთ, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ჩვენი სახლის კარს მიღმა რჩება უამრავი ცხოველი, რომლისთვისაც ზამთარში ჩვენი დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება. ამ სეზონზე მიუსაფარ ცუგებს და ფისოებს სიცივე, შიმშილი და ადამიანების გულგრილობა ერთდროულად ემუქრება, რაც მათ კიდევ უფრო დაუცველად აქცევს.

სამწუხაროდ, მიუსაფარი ცხოველების რაოდენობიდან გამომდინარე, ყველა მათგანზე ზრუნვას ერთი ან თუნდაც რამდენიმე ადამიანი ვერ გასწვდება. თუმცა, თუკი თითოეული ჩვენგანი სახლის ან სამსახურის მახლობლად მცხოვრებ მიუსაფარ ძაღლებსა და კატებზე ზრუნვას ითავებს, ეს მათ მდგომარეობას ძალიან შეუმსუბუქებს, საერთო სურათს კი უკეთესობისკენ შეცვლის. სწორედ ამიტომ, ქვემოთ მოვუყარეთ თავი რამდენიმე გზას, როგორ შეგიძლია იზრუნო დაუცველ ცხოველებზე ზამთარში.

1. დაიცავი სიცივისგან
მიუსაფარი ცხოველებისთვის მთავარი პრობლემა ზამთარში, რა თქმა უნდა, სიცივეა, განსაკუთრებით კი — ღამით. საუკეთესო ვარიანტია, თუკი მათ თავშესაფრად სახლის შემოსასვლელს, ავტოფარეხს ან შენობის სხვა ისეთ ნაწილს შესთავაზებ, რომელიც ყინვისგან, თოვლისგან და წვიმისგან დაიცავს. თუმცა, თუ ეს შეუძლებელია, შეგიძლია თავადვე დაამზადო სახლი ხისგან ან გამძლე მუყაოსგან. ამ შემთხვევაში აუცილებლად გაითვალისწინე რამდენიმე რჩევა:

შესაძლოა, იფიქრო, რომ სახლი რაც უფრო დიდია, მით უკეთესი, მაგრამ ასე არაა. მისი დანიშნულებაა, ცხოველის სხეულის სითბო მაქსიმალურად შეინარჩუნოს, ასე რომ, უმჯობესი იქნება, საშუალო ზომის თავშესაფარი გააკეთო, სადაც არც გემოზე მოკალათება გაჭირდება და არც — სითბოს შენარჩუნება. თუ მოისურვებ, უკვე დამზადებული სახლიც შეგიძლია შეიძინო.

სახლს თუ სახელდახელოდ ამზადებ მუყაოსგან, აუცილებლად გათვალე, რომ ის ზედაპირზე მყარად უნდა იდგეს, რათა ქარმა არ დააზიანოს. ამასთან, მის სახურავსაც უნდა იცავდეს რაიმე დასველებისგან.

ცივ სეზონზე მიუსაფარ ცხოველებს გასათბობად ხშირად უფენენ ძველმანებსაც, მაგრამ გაითვალისწინე, რომ ღია ცის ქვეშ ქსოვილი შეიძლება დასველდეს და გაიყინოს. ამდენად, აჯობებს, ჩასათბუნებელი წვიმისგან და თოვლისგან საიმედოდ დაცულ კუთხეში მოაწყო.

ცხოველის საკუთარ სახლში მიკედლებისას კი გვირჩევენ, რომ ოთხფეხა მეგობარზე ან ზამთრის მერეც განვაგრძოთ ზრუნვა, ან მხოლოდ 2-3 კვირით შევთავაზოთ თავშესაფარი ჩვენთან, რადგან სხვა შემთხვევაში ისინი თავს მიტოვებულად გრძნობენ და განიცდიან.

2. გამოკვებე რეგულარულად
მიუსაფარი ცხოველებისთვის საკვების პოვნა ზამთარში კიდევ უფრო ძნელდება. თბილ დღეებთან ერთად ქუჩებში ხალხმრავლობაც იკლებს, კანტიკუნტად მიმავალი ადამიანები კი იშვიათად თუ გამოიჩენენ ხოლმე ყურადღებას. შედეგად, ძაღლებს და კატებს საჭმლის საშოვნელად იმაზე უფრო დიდი ენერგიის დახარჯვა სჭირდებათ, ვიდრე მანამდე. ძალაგამოცლილი ცხოველები ზოგჯერ რამდენიმე დღეც კი რჩებიან მშივრები. ხოლო მშიერ ცხოველებს კიდევ უფრო უჭირთ დაავადებასთან ან ინფექციასთან გამკლავება.

ამიტომ, სასურველია, სამეზობლოში მცხოვრები მიუსაფარი ცხოველები რეგულარულად უზრუნველყო საკვებითა და წყლით. სიფრთხილე გამოიჩინე ამ დროსაც: გაითვალისწინე, რამდენად მისაღებია შენ მიერ შეთავაზებული საკვები ცხოველისთვის. თხევადი საკვები და წყალი კი შეიძლება გაიყინოს კიდეც, ამდენად ყურადღების მიქცევაა საჭირო. წყლის ჯამს ნურც სახლში ან მასთან ახლოს მოუთავსებ ცხოველს, რადგან ადვილად შეიძლება დაღვაროს და თბილი კუთხე დაასველოს.

3. გულგრილად ნუ ჩაუვლი დაშავებულს
რადგან დაავადებები და ინფექციები ვახსენეთ, ისიც აღვნიშნოთ, რომ ზამთარში მსგავსი უსიამოვნებების რაოდენობა იმატებს. ამიტომ, თუკი უბანში ან თუნდაც გზად შენიშნე, რომ ცხოველი დაავადებული ან დაშავებულია, გულგრილად არ ჩაუარო. შესაძლებლობის შემთხვევაში, უსაფრთხოების წესების დაცვით გადაიყვანე ის ვეტერინარულ კლინიკაში ან დაუკავშირდი ცხოველთა თავშესაფარს.

4. მანქანის დაძვრამდე ყოველთვის შეიხედე ქვეშ
იცი, ზოგჯერ რა იწვევს მიუსაფარი ცხოველების დაშავებას? უფრო სწორად, ვინ — უყურადღებო მძღოლები. ცივ ამინდში ბევრ ძაღლსა და კატას სჩვევია გაჩერებული ავტომობილის ქვეშ მოკალათება; რაც ყველაზე საშიშია ამ ამბავში, საბურავებთან ახლოს იძინებენ ხოლმე. ასე რომ, თუკი მანქანა გყავს, მასში ჩაჯდომამდე და დაძვრამდე აუცილებლად შეიხედე ქვეშ და დარწმუნდი, რომ დაუპატიჟებელი, მაგრამ გულკეთილი სტუმარი არ მოწყობილა იქ.

5. ნუ დაუფრთხობ ძილს
რა თქმა უნდა, როცა სამსახურში გაგვიანდება და შენი მანქანის ქვეშ ფისო უდარდელად თვლემს, მისი გაღვიძებს გიწევს, მაგრამ არის სხვა შემთხვევა, როცა ცხოველისთვის ძილის დაფრთხობა არ ღირს. ეს არის ზამთრის ძილი. რასაკვირველია, აქ ძაღლები და კატები არ იგულისხმებიან, მაგრამ შენს სამოსახლოში სულ ადვილად შეიძლება აღმოჩნდეს, მაგალითად, მძინარე ზღარბი. ეს ძალიან საყვარელი ცხოველი კი შეიძლება ბევრჯერ შეგხვედრია, მაგრამ მათი პოპულაცია წლიდან წლამდე იკლებს.

როცა ზღარბები გამოსაზამთრებლად ძილს ეძლევიან, მათი შეწუხება დაუშვებელია. ამ დროს მათი გულისცემაც იკლებს და, შესაძლოა, იფიქრო, რომ ცხოველი მოკვდა. მძინარე ზღარბს უჩვეულო ადგილასაც შეიძლება გადააწყდე, მაგრამ თუ იქ გარდაუვალი საფრთხე არ ემუქრება, მისთვის ძილის დაფრთხობა კარგი აზრი არაა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ უნებლიეთ შეაწუხებ ცხოველს, მშრალი ფოთლებით დაფარე და ახლომახლო საკვები და წყალი დაუტოვე, რათა გამოღვიძებისას დახარჯული ენერგია მალევე აღიდგინოს და ძილი შეიბრუნოს. საკვებს რაც შეეხება, არაფრით არ დაუტოვო რძე, რადგან ლაქტოზის აუტანლობა აქვთ. სამაგიეროდ, სიამოვნებით შეექცევიან კატის საკვებს.

6. უარი თქვი პიროტექნიკაზე
ზამთარს დღესასწაულები მოჰყვება, დღესასწაულებს კი — გაუთავებელი ბათქაბუთქი. იმ ზიანზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რომლის მიყენებაც პიროტექნიკას მომხმარებლისთვის შეუძლია, ასაფეთქებლები მძიმე კვალს ტოვებენ ცოცხალ სამყაროზე. ფეიერვერკის ხმები სახლში მყოფი ძაღლებისა და კატებისთვისაც ძალიან სტრესულია, აი, მიუსაფარი ცხოველები კი ხშირად ფიზიკურადაც შავდებიან — იღებენ დამწვრობას, მხედველობის ან სმენადობის დაზიანებას.

რატომ და როგორ უნდა დაიცვათ თქვენი შინაური ცხოველები ახალი წლის ღამეს
7 მიზეზი — რატომ უნდა ვთქვათ უარი ფეიერვერკების გამოყენებაზე
სადღესასწაულო და ზოგისთვის სასიხარულო ფეიერვერკი საშინლად მოქმედებს ველურ ბუნებაზეც — გარეული ცხოველების ნაწილი ხმაურზე საკუთარ საცხოვრებელს ტოვებს და გარბის, ბევრი მათგანი იხოცება, ზოგსაც პიროტექნიკით გაჩენილი ხანძარი იმსხვერპლებს.

კი, სიმართლეა, რომ რომის ქუჩები საახალწლო ფეიერვერკის შემდეგ მკვდარი ჩიტებით დაიფარა
ამ ყველაფრის გარდა, ფეიერვერკის შედეგად გარემოში გამოყოფილი მავნე ნივთიერებები, რომლებიც ჩვენს სასუნთქ ჰაერში, წყალში და საკვებშიც კი ხვდება, დიდ ზიანს აყენებს ადამიანების ჯანმრთელობასაც.

7. გაიღე ცოტაოდენი თანხა მიუსაფარი ცხოველების დასახმარებლად
თუკი მიუსაფარ ცხოველებზე თავად ვერ ახერხებ ზრუნვას, შეგიძლია ფინანსურად დაეხმარო იმ ორგანიზაციებსა და აქტივისტებს (ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი, პროექტი ცხოველებისთვის, საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება), რომლებიც საკუთარი სახსრებით ცდილობენ, დაუცველ არსებებს ყოფა შეუმსუბუქონ. გახსოვდეს, რომ მცირედი დონაციითაც კი დიდ წვლილს შეიტან ცხოველების მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

8. აიყვანე ოთხფეხა მეგობარი
დაბოლოს — იცოდე, რომ მიუსაფარი ცხოველებისთვის საუკეთესო დახმარებაც და ყველაზე სანუკვარი საახალწლო საჩუქარიც განუყრელი მეგობრის პოვნაა. ასე რომ, თუკი ფიქრობ, რომ ოთხფეხა მეგობრის ოჯახში მისაღებად მზად ხარ (ამისთვის გაქვს შესაბამისი პირობა, სურვილი, დრო და ენერგია), აუცილებლად აიყვანე მიუსაფარი ან თავშესაფარში მცხოვრები ცხოველი. ამ შემთხვევაში ერთად შეიარეთ ვეტერინართან, რომელიც შენი ახალი მეგობრის მდგომარეობას გამოიკვლევს, გაუკეთებს აცრებსა თუ სხვა მნიშვნელოვან პროცედურებს.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 220 | დაამატა: nikadzam0808 | ტეგები: ckhovelebi, ckhoveli, dzaghli, shinauri cxoveli, მიუსაფარი ძაღლები, miusapari dzaglebi, kata, dzaglebi, katebi, კატა, კატები, miusafari dzaghlebi, dzagli, shinauri ckhovelebi, ძაღლი, shinauri ckhoveli, ძაღლები, ცხოველები, მიუსაფარი ცხოველები, dzaghlebi, shinauri cxovelebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...