5:12 PM
NASA-მ იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზე მისია გაუშვა — არამიწიერი სიცოცხლის ძიებაში / nasam iupiteris tanamgzavr evropaze misia gaushva — arami
www.auf.ge -
14 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:06 საათზე, კენედის კოსმოსური ცენტრიდან ჰაერში SpaceX-ის რაკეტა Falcon Heavy აიჭრა. მან დედამიწის ორბიტაზე უმნიშვნელოვანესი აპარატი Europa Clipper გაიტანა, რომლის მიზანიც იუპიტერის თანამგზავრ ევროპას შესწავლაა.

ის ყინულოვანი ციური სხეულია, რომლის ზედაპირის ქვეშაც უზარმაზარი ოკეანეა. ამის გამო იგი მზის სისტემაში არამიწიერი სიცოცხლის ძიების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. თუ იქ ცოცხალი ორგანიზმები მართლაც არსებობენ, აუცილებელია, ეს ობიექტი ახლოდან გამოვიკვლიოთ, რასაც სწორედ ახალი, 3.5-ტონიანი, ზონდი შეეცდება.

"ჩვენ, მეცნიერები, Europa Clipper-ის მსგავს მისიაზე 20 წელზე მეტხანს ვოცნებობდით. მის შექმნაზე 10 წლის განმავლობაში ვმუშაობდით და, ვინაიდან იუპიტერი შორსაა, სამეცნიერო მონაცემების მიღებას კიდევ 10 წელი დასჭირდება", — აცხადებენ NASA-ში.

იუპიტერის თანამგზავრი ევროპა.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, ზონდი დანიშნულების ადგილამდე 2030 წლის აპრილში მიაღწევს, გზად კი სიჩქარის მოსამატებლად და ტრაექტორიის გასასწორებლად მარსის გრავიტაციას გამოიყენებს. ადგილზე ის უკვე სამეცნიერო ინსტრუმენტებს აამუშავებს, რათა ყინულქვეშა ოკეანის მარილიანობა გაზომოს, სურათები გადაიღოს და ორგანული მოლეკულები დააფიქსიროს.

დედამიწაზე ცოცხალი ორგანიზმები ოკეანეების ფსკერზეც არსებობენ, იქ, სადაც სინათლე ვერ აღწევს. კერძოდ, ჰიდროთერმულ არხებში, რომლებიც სითბოს გამოყოფს ისევე, როგორც სიცოცხლისთვის აუცილებელ ელემენტებს: ნახშირბადს, აზოტს, ჟანგბადსა და წყალბადს. შესაბამისად, გამორიცხული არაა, რომ მსგავსი გარემო ევროპას ოკეანეშიც იყოს. ამის გარკვევაში ახალი მისია დაგვეხმარება.

Europa Clipper ევროპას 49-ჯერ ჩაუვლის და თითოეულ ჯერზე სხვადასხვა რეგიონს დააკვირდება, რათა მონაცემები თითქმის მთლიანი ციური სხეულის შესახებ მოიპოვოს, პოლუსიდან პოლუსამდე. ზონდი იუპიტერის თანამგზავრს 25 კილომეტრ მანძილზე მიუახლოვდება და მის ზედაპირს მცირე დისტანციიდან გადაიღებს.




.


ნანახია: 16 | დაამატა: nikadzam0808 | ტეგები: კოსმოსი, mzis sistema, თანამგზავრი ევროპა, kosmosuri misiebi, NASA, მზის სისტემა, ასტრონომია, ScienceAlert, კოსმოსური მისიები, Solar System, Europa Clipper, cosmos, Cosmos concept, tanamgzavri evropa, kosmosi, Astronomia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]