3:44 PM
შარდის შეუკავებლობის ნიშნები და მკურნალობის მეთოდი / shardis sheukaveblobis nishnebi da mkurnalobis metodi
www.auf.ge -
გვესაუბრება უროლოგიის ეროვნული ცენტრის უროლოგი, უროგინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ალეკო ხელაია.
- ბატონო ალეკო, გვესაუბრეთ ქალებში შარდის შეუკავებლობის პრობლემაზე.

- შარდის დაძაბვითი შეუკავებლობის პირველი ნიშნებია შარდის უნებლიე დაღვრა დახველების, დაცემინებისა და სიცილის დროს, რასაც შემდგომ ნელ-ნელა ემატება შარდის დაღვრა ფიზიკური დატვირთვის, სიმძიმის აწევის, სირბილის, ხტუნვის, სიარულისა და სქესობრივი ცხოვრების დროს. შარდის დაძაბვით

შეუკავებლობას აქვს ორი პიკი. პირველი მოდის მშობიარობის შემდგომ პერიოდზე. მშობიარობის დროს იოგები ზიანდება, კუნთები ეშვება, რის შედეგადაც ვითარდება შარდის დაძაბვითი შეუკავებლობა. სამწუხაროდ, ახალგაზრდა დედები ამას სათანადო ყურადღებას არ აქცევენ, მთელი ყურადღება ბავშვზე გადააქვთ, თანაც ჰგონიათ, რომ ეს დროებითია და გაუვლით, მაგრამ დროთა განმავლობაში დაავადება პროგრესირებს.

მეორე პიკი მოდის შუახნის ასაკზე და ერთვის მენსტრუალური ციკლის გაქრობის დროს ორგანიზმში მიდინარე ჰორმონულ ცვლილებებს. ამ დროს ეშვება ის იოგები და კუნთები, რომლებიც შარდს აკავებს. შარდის შეუკავებლობით დაავადებული ქალის ცხოვრება წარმოუდგენლად რთულია: იგი მიჯაჭვულია საპირფარეშოსა და საფენებს, იძულებულია, შეიცვალოს სამსახური, შეზღუდოს სითხის მიღება და წინასწარ ეძებოს საპირფარეშო. ყოველივე ეს მკვეთრად აუარესებს ქალის ცხოვრების ხარისხს, იწვევს დეპრესიას.

- ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია?
- რასაკვირველია, შესაძლებელია. შარდის დაძაბვით შეუკავებლობას უმეტესად ოპერაციულად მკურნალობენ, თუმცა საწყის სტადიაში შესაძლებელია ადგილობრივი მკურნალობაც - ქალის სასქესო ჰორმონების შემცველი მალამოების გამოყენება. თავად სიტყვა "ოპერაცია" არ უნდა აშინებდეს ქალს. შარდის შეუკავებლობის სამკურნალოდ შემუშავებულია მინიმალურად ტრავმული – სლინგური ოპერაციები, რომელთა არსია მოდუნებული და დაზიანებული იოგების აღდგენა-რემოდელირება. ამ ოპერაციების ხანგრძლივობა არ აღემატება 30 წუთს და პაციენტი კლინიკიდან მეორე დღესვე ეწერება.

ჩემ მიერ ჩატარებული რამდენიმე ასეული ოპერაციის შედეგები და საერთაშორისო გამოცდილება მაძლევს უფლებას, ვილაპარაკო განკურნების ძალზე მაღალ მაჩვენებელზე, რომელიც 90 პროცენტს აღემატება. თუ ქალს იმავდროულად აქვს საშოს კედლების დაწევაც, მიზანშეწონილია ერთდროულად, ერთი ჩარევის ფარგლებში, ორი ოპერაციის გაკეთება – სლინგურისა (შარდის შეუკავებლობის გამო) და საშოს კედლების პლასტიკისა სპეციალური პოლიპროპილენის ბადის გამოყენებით. ვერ დავეთანხმები ზოგიერთ ჩემს კოლეგას, რომ შარდის შეუკავებლობა არის ასაკობრივი პრობლემა და მკურნალობას არ საჭიროებს. თითოეული განკურნებული ქალის სიხარული და მადლიერება არის ის ძალა, რომელმაც უნდა დაამსხვრიოს სტერეოტიპი, რომ ქალმა ამ პრობლემით ექიმს არ უნდა მიმართოს. კიდევ ერთი მცდარი აზრი ის გახლავთ, რომ შარდის შეუკავებლობის განკურნება შესაძლებელია მარტივი გინეკოლოგიური პლასტიკით.

ამგვარი ოპერაცია მართლაც მოგვაწოდა ერთმა ამერიკელმა გინეკოლოგმა 1928 წელს, მაგრამ სადღეისოდ უკვე მრავალგზის არის დამტკიცებული, რომ ეს ოპერაცია ან იმთავითვე უშედეგოა, ან ათიდან 4-6 შემთხვევაში შარდის შეუკავებლობა ხელახლა ვითარდება. თანამედროვე სლინგური ოპერაციები ეფუძნება 1996 წელს შვედი უროგინეკოლოგის მიერ მოწოდებულ ქალის მცირე მენჯის ინტეგრალურ თეორიას. სადღეისოდ ასეთი ოპერაცია მთელ მსოფლიოში მილიონ-ნახევარზე მეტ ქალს აქვს გაკეთებული.

ნინო ჩარგეიშვილი mkurnali.ge-სთვის.


ნანახია: 39 | დაამატა: nikadzam0808 | ტეგები: ფსელი, Medicine, მედიცინა, დიაგნოსტიკა, შარდის შეუკავებლობა, chavifsi, shardis sheukavebloba qalebshi, anomaliebi, diagnostika, შარდი, medicina, shardis sheukavebloba, მკურნალობა, urologia, ჩავიფსი, უროლოგია, საფენები, თირკმელი, tirkmeli, urology, ანომალია, diapers, mkurnaloba, შარდის შეუკავებლობა ქალებში | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]