4:06 PM
ალკოჰოლი და ღვიძლი - ყველა გზა ნაწლავებისკენ მიდის / alkoholi da ghvidzli - kvela gza natsclavebisken midis
www.auf.ge -
ნებისმიერი ალკოჰოლი სახიფათოა არა მხოლოდ ღვიძლის, არამედ ნაწლავებისთვისაც და შესაბამისად, მთელი ორგანიზმისთვის.
ყოველწლიურად, რაც უფრო მეტად უღრმავდებიან მეცნიერები საკითხს, მით უფრო მეტად რწმუნდებიან, რომ ყველა გზა ნაწლავებისკენ მიდის, რომ ორგანიზმის ყველა პრობლემა გარკვეულწილად მიბმულია ნაწლავებთან. უკვე დადასტურებულია, რომ გულის უკმარისობა, ათეროსკლეროზი, სიმსუქნე, აუტიზმი, შარდკენჭოვანი დაავადება, ალერგიული და აუტოიმუნური პათოლოგიები ნაწლავის მიკროფლორის მდგომარეობას უკავშირდება.

ალკოჰოლი, ღვიძლი და ნაწლავები

რამდენიც უნდა სვათ გულის, სისხლძარღვების, ტვინის სამკურნალო მედიკამენტები, ნაწლავების ჯანმრთელობის აღდგენის გარეშე ბოლომდე ვერ განიკურნებით.

ღვიძლი იღებს ტოქსიკურ დატვირთვას ნაწლავების მეშვეობით, ალკოჰოლი ღვიძლისთვის ერთგვარი „ჭექა-ქუხილია“. სპირტიანი სასმელები ანადგურებს ჰეპატოციტებს – ღვიძლის უჯრედებს – და ამით ძირს უთხრის ორგანოს ფუნქციობას. ეს ყველამ კარგად იცის. თუმცა ბევრმა არ იცის ის, რომ ღვიძლი იღებს არა მხოლოდ პირდაპირ ტოქსიკურ დატვირთვას, არამედ ირიბსაც – ნაწლავებიდან.

ღვიძლის დაავადებები ხშირად ასოცირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაზრდილ გამტარიანობასთან. ნაწლავთა ბარიერის რღვევა ბაქტერიებსა და ტოქსინებს ნაწლავის სანათურიდან სხვა ორგანოებში გადასვლის საშუალებას აძლევს. ვენური სისხლის უდიდესი ნაწილი საჭმლის მომნელებელი სისტემიდან გადადის პორტალურ სისხლის მიმოქცევაში, რომელიც ღვიძლის ორმაგი სისხლმომარაგების ნაწილია. ამრიგად, ღვიძლი არის პირველი ორგანო ორგანიზმში, რომელიც ეჯახება არა მხოლოდ საკვებ ნივთიერებებს, არამედ ნაწლავის ბაქტერიებსაც.

რუსმა მეცნიერმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, იგორ ბაკულინმა, ჩაატარა კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა ალკოჰოლს, ღვიძლსა და ნაწლავის მიკროფლორას შორის ურთიერთობის შესწავლას. აღნიშნული კვლევის შედეგებით გაირკვა, რომ ეთანოლის მეტაბოლიზმის შუალედური პროდუქტის – აცეტალდეჰიდის გავლენით ქვეითდება ლორწოვანი გარსის ბარიერული ფუნქცია. ამის გამო იცვლება ნაწლავის მიკროფლორის შემადგენლობა: მათ, ვინც ბოროტად იყენებს ალკოჰოლს, ეწყება გრამუარყოფითი ბაქტერიების აქტიურად ზრდა. ეს უკანასკნელი ენდოტოქსინების წყაროა, რომლებიც ღვიძლში ანთების პროვოცირებას ახდენს.

ალკოჰოლს შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს ნაწლავის მიკროფლორის რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემადგენლობა. ის იწვევს წვრილ ნაწლავებში ბაქტერიების ჭარბად გამრავლებას და ხელს უწყობს „დაცხრილული ნაწლავის“ განვითარებას.

სხვაგვარად რომ განვმარტოთ: ღვიძლის ალკოჰოლური დაავადების განსაკურნებლად საჭიროა არა მხოლოდ ალკოჰოლის უარყოფა და ჰეპატოპროტექტორების მიღება, არამედ ლორწოვანი გარსის აღსადგენი და ნაწლავის მიკროფლორის შემადგენლობის გასაუმჯობესებელი მედიკამენტების დალევა.

რაც უფრო მაღალია გრადუსი, მით მეტია დაზიანება!

2015 წელს ამერიკელი მეცნიერების გამოქვეყნებულმა სამეცნიერო ნაშრომმა საინტერესო ნიუანსი გამოავლინა. რაც უფრო დიდია ეთანოლის კონცენტრაცია (>40%), მით მეტად ძლიერდება ნაწლავის გამტარიანობა. ამავდროულად, ალკოჰოლის დაბალი დოზაც კი საკმარისია, ნაწლავის მიკროფლორის რღვევისა და „დაცხრილული ნაწლავის“ განვითარების პროვოცირებისათვის.

ნებისმიერი ალკოჰოლი სახიფათოა არა მხოლოდ ღვიძლის, არამედ ნაწლავებისთვისაც და შესაბამისად, მთელი ორგანიზმისთვის.

ამგვარად, ღვიძლის დაავადებები მჭიდროდ უკავშირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის მდგომარეობას და ნაწლავის მიკროფლორას. ალკოჰოლი ერთდროულად აზიანებს როგორც ღვიძლს, ისე ნაწლავის ბარიერს. ეს გულისხმობს არა მხოლოდ ღვიძლის ალკოჰოლური დაავადების დაჩქარებულ პროგრესს, არამედ სხვა დაავადებების განვითარებასაც. მეცნიერები აგრძელებენ კვლევას ამ მიმართულებით, თუმცა უკვე ნათელია, რომ ნაწლავები უამრავ საიდუმლოს ინახავს და მალე ცნობილი დაავადებების მკურნალობისადმი მიდგომა შეიცვლება.

თინათინ გოცაძე მკურნალი.ჯი-სთვის


ნანახია: 45 | დაამატა: nikadzam0808 | ტეგები: aterosklerozi, დოქტორი, ნაწლავები, მკურნალობა, ალერგიული, simsuqne, შარდკენჭოვანი დაავადება, მეცნიერი, ალკოჰოლი, ექიმი, გულის უკმარისობა, მკურნალი.ჯი, autizmi, სიმსუქნე, აუტიზმი, gulis ukmarisoba, ღვიძლი, მეტაბოლიზმი, აუტოიმუნური პათოლოგიები, ათეროსკლეროზი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]