გლადიატორი 2 ამერიკის დიდ ეკრანებზე მომდევნო კვირაში გამოდის. უკვე ვრცელდება კრიტიკოსთა რეცენზიები და შეფასებები, რომლებიც ფილმს დადებითად აფასებენ. ეს ეპიკური ფილმი რიდლი სკოტის 2000 წლის ოსკაროსანი ფილმის, გლადიატორის მეორე ნაწილია.
გლადიატორ 2-ში მოვლენები წინა ნაწილის სიუჟეტიდან რამდენიმე წლის შემდეგ ვითარდება. ლუციუს ვერუსი, რომლის როლსაც პოლ მესკალი ასრულებს, რასელ ქროუს პერსონაჟის, მაქსიმუსის შვილია, რომელსაც, მამის მსგავსად, კოლიზეუმში ჩატარებულ გლადიატორთა შერკინებებში უწევს ასპარეზობა. პედრო პასკალი ფილმში გენერალ მარკუს აკაციუსს ასახიერებს, პერსონაჟს, რომელმაც ლუციუსის მშობლიურ მხარეს, ნუმიდიას ალყა შემოარტყა, მაქსიმუსის ვაჟმა კი თავის თავში საიმისო ძალა უნდა აღმოაჩინოს, რათა რომს ძველებური დიდება დაუბრუნოს. ფილმში დენზელ ვაშინგტონსაც ვიხილავთ, რომელიც იშვიათად ასრულებს ბოროტმოქმედების როლს — ის მაკრინუსის როლში წარმოგვიდგება, ყოფილი მონის, რომელიც ახლა გლადიატორთა განმგებელია.
BBC-ს კრიტიკოსი, კარინ ჯეიმსი წერს, რომ “მესკალი, რომელიც კონტრინტუიციური არჩევანი იყო მის მიერ შესრულებული მგრძნობიარე როლებიდან გამომდინარე, ამ ფილმის მომაჯადოებელი ცენტრია და იმავე ძალითა და მაგნეტიზმით კრავს სიუჟეტს, როგორც რასელ ქროუმ შეძლო. გლადიატორ 2-ში ნაკლებად იდეალური ბალანსია ემოციასა და ქმედებას შორის — თავის მოკვეთები და ხმლით ორთაბრძოლები პერსონაჟებს თითქოს ღლის, მაგრამ დონით მეორე ნაწილი ორიგინალ ფილმს უტოლდება."