ბათუმის აქციის მედროშე თემურ ქათამაძე პოლიციამ პატიმრობიდან გათავისუფლებისთანავე ხელახლა დააკავა
ბათუმის პროტესტის მედროშე, მუჰაჯირების შთამომავალი თემურ ქათამაძე პოლიციამ ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლებისთანავე ხელახლა დააკავა — დაკავების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ვიდეოში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ქათამაძეს განუმარტავს, რომ ის საიმიგრაციო კანონმდებლობის შესაბამისად არის დაკავებული.
თავად თემურ ქათამაძე ვიდეოში ამბობს, რომ დაკავება, სავარაუდოდ, უკავშირდება საქართველოში ყოფნის ვადის გადაცილებას.
გავრცელებული ინფორმაციით, თემურ ქათამაძე წლებია, რაც საქართველოში ცხოვრობს და საქართველოს მოქალაქეობის მიღებას უშედეგოდ ცდილობს.
ინფორმაციისთვის, თემურ ქათამაძე 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 14 იანვარს სასამართლომ ქათამაძეს და კიდევ ორ დაკავებულს, გოდერძი ფრანგიშვილსა და მათე ცენტერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.