10:49 AM
დედამიწის სიღრმეში ტექტონიკური ფილების ნარჩენები მოულოდნელ ადგილას აღმოაჩინეს
www.auf.ge -
დედამიწის სიღრმეში მოძრავი სეისმური ტალღები პლანეტის შიდა სტრუქტურისა და შედგენილობის გაგებაში გვეხმარება. მეცნიერებმა სწორედ ამ სეისმური ტალღების ანალიზის შედეგად დედამიწის ფილების ნაწილები ისეთ ადგილებში აღმოაჩინეს, სადაც მათი პოვნა მოულოდნელი იყო.

სეისმური ტალღები სხვადასხვა მატერიაში განსხვავებული სიჩქარით მოძრაობს. მეცნიერები 100 წელზე მეტია, მათ დედამიწის სტრუქტურის შესასწავლად იყენებენ, თუმცა ადრეული კვლევები მხოლოდ რამდენიმე სახის ტალღაზე იყო ფოკუსირებული, რაც შექმნილი რუკების სიზუსტეს ზღუდავდა.

ახალმა კვლევამ სუპერკომპიუტერ Piz Daint მეშვეობით ყველა ტიპის სეისმური ტალღის ანალიზი გახადა შესაძლებელი. ამან მეცნიერებს დედამიწის ქვედა მანტიის დეტალურად შესწავლის საშუალება მისცა. შედეგად, სპეციალისტებმა დიდი, მკვრივი და მაგარი კლდოვანი ფრაგმენტები დააფიქსირეს. სავარაუდოდ, ეს არის ტექტონიკური ფილების ნარჩენები, რომლებიც სუბდუქციის პროცესში მანტიის სიღრმეში უნდა ყოფილიყო, მაგრამ ისეთ ადგილებში აღმოჩნდა, რომლებიც სუბდუქციის ზონებიდან შორსაა, მაგალითად, წყნარი ოკეანის დასავლეთით.



ფოტო: Schouten et al., Scientific Reports

"მანტიის ასეთი უბნები უფრო ფართოდაა გავრცელებული, ვიდრე აქამდე ვფიქრობდით", განაცხადა ნაშრომის თანაავტორმა, ტომას შუტენმა.
შუტენის თქმით, ამ ფრაგმენტების წარმომავლობა სხვადასხვა რამეს შეიძლება უკავშირდებოდეს. მაგალითად, არაა გამორიცხული, რომ ეს სილიციუმით მდიდარი უძველესი მატერია იყოს, რომელიც 4 მილიარდი წლის წინ ჩამოყალიბდა და მანტიაში მიმდინარე პროცესებს გადაურჩა. შესაძლოა, ეს იყოს რკინით მდიდარი ქანების ზონები, რომლებიც რამდენიმე მილიარდი წლის განმავლობაში მანტიის აქტივობის შედეგად დაგროვდა ან ტექტონიკური ფილების ძირის მოწყვეტით, რადგან ამ ზონებში ფილები ზედაპირთან შედარებით უფრო თხელია.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature's Scientific Reports გამოქვეყნდა.


ნანახია: 47 | დაამატა: nikadzam0808 | ტეგები: on.ge, დედამიწის მანტია, dedamitsis mantia, seismuri talghebi, dedamitsa, teqtonikuri filebi, სეისმური ტალღები, ტექტონიკური ფილები, დედამიწა, Earth, ScienceAlert | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]