2:50 PM
ენერგო-პრო ჯორჯია: ამ დროისთვის, გურიაში ელექტროენერგიის გარეშეა აბონენტების 18-20%
www.auf.ge -
ენერგო-პრო ჯორჯიას ცნობით, გურიის მასშტაბით, ამ დროისთვის ელექტროენერგიის გარეშეა აბონენტების 18-20%. სტიქიის პიკზე, ენერგომომარაგება შეზღუდული ჰქონდა აბონენტების 28-30%-ს.

ასევე კომპანიის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ დასავლეთ საქართველოში ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკური ბრიგადები საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ — სამუშაოები იმერეთში, სამეგრელოსა და აჭარის ტერიტორიაზე მიმდინარეობს და შეძლეს აბონენტების ნაწილისთვის ელექტროენერგიის აღდგენა.

"მუშაობისთვის ყველა საჭირო მასალა შეტანილია სტიქიის ზონაში. ადგილობრივ ელექტრიკოსებთან ერთად, მუშაობას განაგრძობენ აღმოსავლეთ საქართველოდან ჩასული დამატებითი ბრიგადები.

აღდგენითი სამუშაოები ასევე მიმდინარეობს იმერეთში, სადაც ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება ვანის, ხარაგაულის, ბაღდათის და ზესტაფონის სოფლების ნაწილს. ქალაქ ხონს სრულად მიეწოდება ძაბვა.

ასევე, ძაბვა მიეწოდება სამეგრელოს აბონენტების უმრავლესობას. ამ დროისთვის, ელექტროენერგიით შეზღუდვით მარაგდება მხოლოდ ზუგდიდის და აბაშის სოფლების მცირე ნაწილი. საგანგებო ვითარებაში მუშაობა აქაც გრძელდება.

აჭარის აბონენტების უმრავლესობაც სტაბილურად მარაგდება ელექტროენერგიით. ქობულეთის და ზემო აჭარის მცირე ნაწილია მხოლოდ დენის გარეშე. ხულოს მუნიციპალიტეტს სრულად მიეწოდება ელექტროენერგია," — აღნიშნავენ ენერგო-პრო ჯორჯიაში.

ამასთან, კომპანიის ინფორმაციით, ზოგიერთ სოფელში, შესაძლოა, გადატეხილი იყოს ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენი, რომელიც 400 კგ-ს იწონის და სამუშაოებში სპეცტექნიკის ჩართვა იქნება საჭირო, რათა ადგილზე ახალი ბოძების მიტანა შეძლონ.

"შესაძლოა, იყოს გადაადგილების პრობლემა, თუმცა, ჩვენ ვცდილობთ ყველგან მივიდეთ და ვაწარმოოთ აღდგენითი სამუშაოები. აღსაქმელად რომ ადვილი იყოს, შესაძლოა, ზოგიერთ სოფელში გადატეხილი იყოს ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენი, რომელიც იწონის 400 კგ-ს. აქ საჭიროა სპეცტექნიკა, რომელთაც უნდა მოხდეს ახალი ბოძების შეატანა. ასეთ შემთხვევაში სამუშაოებს უფრო მეტი დრო დასჭირდება," — აცხადებენ ენერგო-პრო ჯორჯიაში.


ნანახია: 52 | დაამატა: nikadzam0808 | ტეგები: eleqtroenergia, ელექტროენერგია, დიდთოვლობა, სტიქია, samashvelo samsakhuri, energo pro georgia, tovly, stiqia, tovli, didtovloba, სამაშველო სამსახური, ენერგო-პრო ჯორჯია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]