2 ივნისს ილიას უნივერსიტეტის “ა” კორპუსში და თსსუ-ში დაკავებული სტუდენტების სოლიდარობის აქციები გაიმართება
დღეს, 2 ივნისს ილიას უნივერსიტეტის "ა" კორპუსში და თსსუ-ში დაკავებული სტუდენტების - ლიკა ლორთქიფანიძის და ლუკა ნაცვლიშვილის სოლიდარობის აქციები გაიმართება. ილიაუნიში სტუდენტები 12:00 საათზე შეიკრიბებიან და ერთდღიან გაფიცვას და აქციას მოაწყობენ, ხოლო თსსუ-ში 16:30-დან დაკავებული სტუდენტების სოლიდარობის აქცია და მსვლელობა გაიმართება.
ქართული ოცნების წევრის, მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე ლიკა ლორთქიფანიძეს 30 მაისს მოსამართლე დავით თეთრაულმა 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
ლუკა ნაცვლიშვილს კი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა 27 მაისს 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ის 26 მაისს, აქციის შემდეგ დააკავეს.
"2025 წლის 27 მაისს — ოლიგარქის სასამართლომ 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს — ლუკა ნაცვლიშვილს.
მიზეზი დაუსაბუთებელი და გაურკვეველია.
2025 წლის 30 მაისს ოლიგარქის სასამართლომ 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებს — ლიკა ლორთქიფანიძესა და თათია აფრიამაშვილს.
მიზეზი: პრორუსული ქართული ოცნების დეპუტატის— მარიამ ლაშხის "შეურაცხყოფა" შემდეგი შეძახილებით:
• "ძირს რუსეთის მონები!"
• "ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!"
• "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!"
ჩვენ, სამედიცინო უნივერსიტეტებისა და ფაკულტეტების სტუდენტთა ნაწილი, სტუდენტების პატიმრობას უკანონოდ მივიჩნევთ და მათ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ.
ცალსახაა, რომ ქართული ოცნება დამოუკიდებელი და რუსეთის კლანჭებისგან თავისუფალი საქართველოს ქომაგი, პროევროპელი ახალგაზრდების დასჯით სტუდენტების, ახალგაზრდებისა და საზოგადოების როგორც აქტიური, ისე პასიური ნაწილის დაშინებას, დატერორებასა და შეუპოვარი პროტესტის ჩახშობას ცდილობს. ამგვარად, სულ უფრო და უფრო ემსგავსება ავტორიტარულ რეჟიმს, რუსული ტიპის მმართველობას, სადაც ნებისმიერი სახის კრიტიკა დასჯადია.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ახალგაზრდობამ ჯერ ვერ მოახერხა ქართული ოცნების ანტიდემოკრატიული ნაბიჯების, საქართველოს რუსეთიზაციის რეალური საფრთხისა და ევროპული მომავლის განადგურების გაცნობიერება, შესაბამისად, წინააღმდეგობის ქსელის გაძლიერება და სისხლით მოპოვებული თავისუფლების დაცვისთვის აქტიური ბრძოლა, უსამართლოდ პატიმრობაში მყოფებისა და ნებისმიერი ჩაგრულისადმი მხარდაჭერა/ემპათია მაღალმორალური საზოგადოების ის უნივერსალური უნარია, რომლის დაკარგვა ან დათრგუნვა ადამიანური ფუნდამენტის გამოცლასა და რუსული რეჟიმის მიზნის მიღწევას - სოლიდარობის გატეხას ნიშნავს.
ემპათიისა და თანაგრძნობის გარეშე შეუძლებელია სამედიცინო სფეროში ღირსეული მოღვაწეობა.
სწორედ ამიტომ, 2 ივნისს, ორშაბათს, 16:30-ზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში გელოდებით ყველას, ვისაც სოლიდარობისა და ემპათიის გრძნობა ჯერ კიდევ შერჩა, ღიად გამოვუცხადოთ მხარდაჭერა 50-მდე რეჟიმის ტყვეს დამატებულ პატიმარ სტუდენტებს.
თსსუ-დან მხარდამჭერი მსვლელობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან დასრულდება, სადაც სტუდენტებისა და პროფესორების 24-საათიანი გაფიცვაა დაანონსებული.
მარიამ ლაშხსა და ქართული ოცნების ყველა წევრს კი კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვუცხადებთ:
• ძირს რუსეთის მონები!
• ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
• თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!", — ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.