სტუდენტმა ფსიქოდელიური სოკო აღმოაჩინა, რომელიც LSD-ის მსგავს ნაერთებს შეიცავს
დასავლეთ ვირჯინიის უნივერსიტეტის სტუდენტმა, კარნინ ჰეიზელმა, ისეთი სოკო აღმოაჩინა, რომელიც ფსიქოდელიურ ნარკოტიკ LSD-ის მსგავსი ეფექტის მქონე ნაერთებს წარმოქმნის. მან სოკო Ipomoea tricolor-ის სახელით ცნობილ ყვავილებზე შენიშნა.
ის დილის ყვავილებში შედის, რომლებიც ე.წ. ჭვავის რქის ალკალოიდების კლასის ნაერთებს შეიცავს. ისინი მხოლოდ სოკოების მიერ გამოიყოფა და 1930-იან წლებში სწორედ მათი გამოყენებით შექმნა შვეიცარიელმა ქიმიკოსმა, ალბერტ ჰოფმანმა, LSD. მეცნიერმა საჭირო კომპონენტები Claviceps purpurea-ს სახეობის სოკოდან მოიპოვა, რომელიც ჭვავშია გავრცელებული. მას ეჭვი ჰქონდა, რომ ასეთი ნაერთების წარმომქმნელი სოკო მექსიკურ დილის ყვავილებშიც იყო, რადგან იქ მცხოვრები ხალხი ძველად ამ მცენარეებს ჰალუცინოგენური თვისებების გამო მოიხმარდა. ამის დადასტურება ჰეიზელმა პროფესორ დენიელ პანასიონის დახმარებით შეძლო.
"ძალიან გამიმართლა, რომ ასეთი შესაძლებლობა მომეცა. ადამიანები ამ სოკოს წლების განმავლობაში ეძებდნენ, მე კი ერთ დღეს უბრალოდ სწორ ადგილას გავიხედე და ის იქ დამხვდა", — აცხადებს სტუდენტი.
მან სოკო მცენარის თესლებზე შენიშნა, როფესორთან ერთად მისი დნმ-ის ნიმუში აიღო და გასაშიფრად გაგზავნა. დადგინდა, რომ ის იმ სახეობას ენათესავება, რომელიც სხვა ორი ტიპის დილის ყვავილში აქამდე იყო მიკვლეული. სოკოს მათ Periglandula clandestina უწოდეს.
იგი ზემოხსენებულ ალკალოიდებს დიდი რაოდენობით წარმოქმნის. ვინაიდან ეს ნაერთები ტოქსიკურია, შესაძლოა, მცენარეს ცხოველებისგან იცავდეს, რათა Periglandula clandestina-მ მასთან სიმბიოზური არსებობა უსაფრთხოდ განაგრძოს. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ალკალოიდები მეურნეობაში პრობლემებს ქმნის, რადგან ჩვენს საკვებსა და შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილ ბალახს აბინძურებს. LSD-ის შესაქმნელად გამოყენებული სოკოც მარცვლეულს აბინძურებს და მოწამვლას იწვევს, რასაც ერგოტიზმი ეწოდება.
ამის მიუხედავად, ახალი სოკო შეიძლება ფარმაციაში გამოიყენონ, მაგალითად, შაკიკის სამკურნალოდ. ჰოფმანი LSD-ზე სწორედ ამ მიზნით მუშაობდა და მისი ძლიერი ფსიქოაქტიური ეფექტი შემთხვევით აღმოაჩინა.
სტუდენტისა და პროფესორის ნაშრომი გამოცემაში Mycologia გამოქვეყნდა.