დავფიქრდეთ, რა შეიძლება დაემუქროს ხვალ რომელიმე ევროპულ ქვეყანას - ზურაბიშვილი რუსულ საფრთხეებზე საუბრობს
დავფიქრდეთ, რა შეიძლება დაემუქროს ხვალ რომელიმე ევროპულ ქვეყანას, თუკი სამხედრო ინტერვენცია, რომელიც პირველად 2008 წელს საქართველოზე გამოსცადეს, შემდგომში უკვე ყირიმში და მთლიანად უკრაინაში განმეორდა? - ამის შესახებ ბუქარესტში "რუმინეთის ხსნის კავშირის" ეროვნულ კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ ევროკავშირის მსჯელობის საგანი კრემლის ნარატივი უნდა გახდეს, რომლითაც ოფიციალური მოსკოვი ცდილობს, სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ფესვების გამყარებას.
მოდით, ერთხელ და სამუდამოდ ვთქვათ — მშვიდობა თავისუფლების გარეშე მშვიდობა კი არ არის, არამედ სიჩუმეა, ჩახშობაა. დავფიქრდეთ: რა შეიძლება დაემუქროს ხვალ რომელიმე ევროპულ ქვეყანას, თუკი სამხედრო ინტერვენცია, რომელიც პირველად 2008 წელს საქართველოზე გამოსცადეს, შემდგომში უკვე ყირიმში და მთლიანად უკრაინაში განმეორდა? რა გარანტიაა, რომ ეს არ განმეორდება იმ ქვეყნებზე, რომლებსაც რუსეთთან საზღვარი არ აქვთ?
ახალი სტრატეგიის არსი სწორედ ის არის, რომ ის შეიძლება ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში იქნას გამოყენებული — თანაც მარტივად. ჩვენ გვეგონა, რომ უკვე ვიყავით მზად რუსული პროპაგანდისთვის, რადგან მას 70 წელზე მეტია ვიცნობთ — მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, დღევანდელი პროპაგანდის, მისი თანამედროვე ტექნოლოგიებით გაძლიერებული ვერსიის წინაშე საკმარისად მზად არ ვყოფილვართ.
ეს არის ის, რასაც ბევრი ევროპული ქვეყანა ჯერ ვერ ხედავს — ჰგონიათ, რომ მხოლოდ ქვეყნის შიდა მტრებს ებრძვიან, მხოლოდ შიდა პოლიტიკური კონკურენციაა საფრთხე, როცა სინამდვილეში ეს შიდა ძალები ხშირად მძლავრი სახელმწიფოს — რუსეთის — მხარდაჭერით მოქმედებენ. სახელმწიფოსი, რომელიც დღეს ბევრად უფრო ძლიერია ისეთ სფეროებში, როგორიცაა პროპაგანდა, სოციალური მედია, ხელოვნური ინტელექტი და კიბერშეტევები, ვიდრე სამხედრო თვალსაზრისით". - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.