კაია კალასი: ევროკომისიამ სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
"კომისიამ მიიღო ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წინადადება", — ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა დღეს, 30 ივნისს ერევანში განაცხადა.
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ ვიზალიბერალიზაციაზე დიალოგი პროგრესირებს და აღნიშნა ხალხთაშორისი კონტაქტების მნიშვნელობა.
"მივიწევთ წინ ვიზების ლიბერალიზაციის დიალოგში. სიამოვნებით გაცნობებთ, რომ კომისიამ მიიღო ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წინადადება. როგორც კი ყველა პირობა დაკმაყოფილდება და ეს პროცესი დასრულდება, ეს სომხეთსა და დანარჩენ ევროპას დააახლოებს", — განაცხადა კალასმა.
მისი თქმით, "სომხეთი და ევროკავშირი არასდროს ყოფილან ასე ახლოს, როგორც ახლაა"
"სომხეთი და ევროკავშირი არასდროს ყოფილან ასე ახლოს, როგორც ახლაა. სომხეთმა მიიღო კანონი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ და ჩვენ მზად ვართ გავაღრმაოთ ჩვენი პარტნიორობა", — აღნიშნა კალასმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მან აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრ მირზოიანთან შეხვედრისას ორივე მხარემ მიაღწია პოლიტიკურ შეთანხმებას პარტნიორობის დღის წესრიგზე, რომელშიც გამოკვეთილია ეკონომიკური განვითარების, უსაფრთხოებისა და მდგრადობის პრიორიტეტები.
"მაგრამ ჩვენი ურთიერთობები მხოლოდ ეკონომიკით არ შემოიფარგლება. ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ საცხოვრებელს და ფსიქოსოციალურ დახმარებას მთიანი ყარაბაღიდან სომხებისთვის", — განაცხადა კალასმა.
კალასმა 29 ივნისს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMA) მოინახულა და შეაქო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისთვის. მან ხაზი გაუსვა, რომ სომხეთის ერთგულება დემოკრატიული პრინციპების მიმართ კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
"ეს ღირებულებები უნდა იყოს დაცული, განსაკუთრებით ჰიბრიდული საფრთხეების, დეზინფორმაციისა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ფონზე. ევროკავშირი სომხეთის გვერდით დადგება, რათა დაეხმაროს მის მდგრადობას და დაიცვას საერთო ღირებულებები", — განაცხადა კალასმა.