ანემიები ბავშვებში / anemia bavshvebshi
ანემიები ბავშვებში - განპირობებულია ბავშვთა სისხლმბადი ორგანოების ანატომიურ-ფიზიოლოგიური უმწიფარობითა და მათი მაღალი მგრძნობელობით გარემოს არახელსაყრელი ფაქტორებისადმი. ბავშვებში გამოყოფენ ანემიების იმავე ჯგუფებს, როგორც მოზრდილებში. დეფიციტური ანემიები ვითარდება ჰემოგლობინის წარმოქმნისათვის საჭირო ნივთიერებების არასაკმარისი შეღწევის შედეგად; ამ ტიპის ანემიები ხშირია 1 წლამდე ასაკის ბავშვებში. დეფიციტურ ანემიებს შორის განსაკუთრებით გავრცელებულია ალიმეტური, რომელიც განპირობებულია კვების უკმარისობით ან მისი ერთფეროვნებით. უმრავლეს შემთხვევებში აღინიშნება ორგანიზმში რკინის (რკინადეფიციტური ანემიები), ცილის არასაკმარისი შესვლა, რაც არღვევს ჰემოგლობინის ცილოვანი ნაწილის წარმოქმნას (ცილა-დეფიციტური ანემიები). გარკვეული მნიშვნელობა აქვს В6, В12 ვიტამინებისა და ფოლიუმის მჟავას უკმარისობას, რომლებიც მონაწილეობენ ჰემოგლობინის სინთეზში.
დეფიციტური ანემიები ვითარდება ნაწლავში შეწოვის დარღვევებით მიმდინარე დაავადებების დროს. მათ განვითარებას ხელს უწყობს ასევე სხვადასხვა დაავადებები, დღენაკლულობა. კლინიკურ პრაქტიკაში განსაკუთრებით ხშირია რკინადეფიციტური ანემიები. მათი გამოვლინება დამოკიდებულია დაავადების სიმძიმის ხარისხზე. მსუბუქი ხარისხის დროს აღინიშნება სისუსტე, მოთენთილობა, მადის დაქვეითება, კანის სიფერმკრთალე, ჰემოგლობინის დაქვეითება 80 გ/ლ-მდე და ერითროციტების 3,5.1012 . საშუალო სიმძიმის დაავადების დროს მნიშვნელოვნად ქვეითდება ბავშვის მოძრაობითი აქტივობა, ვლინდება მოთენთილობა, სისუსტე, მადის დაქვეითება, კანის სიფერმკრთალე და სიმშრალე, ტაქიკარდია, სისტოლური შუილი, ღვიძლისა და ელენთის გადიდება; თმები თხელი და ადვილად მტვრევადია, სისხლში ჰემოგლობინის შემცველობა ქვეითდება 66 გ/ლ-მდე, ერითროციტების რიცხვი – 2,8 .1012; აღინიშნება ჰიპოქრომია. მძიმე ხარისხის დროს აღინიშნება ბავშვის ფიზიკურ განვითარებაში ჩამორჩენა, ადინამია, ანორექსია, შეკრულობა, კანის გამოხატული სიფერმკრთალე და სიმშრალე, ფრჩხილებისა და თმების ცვლილებები, სახისა და ქვედა კიდურების პასტოზურობა, ცვლილებები გულ-სისხლძარღვთა სისტემაში (ტაქიკარდია, სისტოლური შუილი), ენის დვრილების გადასწორება. ჰემოგლობინი ეცემა 35 გ/ლ-მდე, ერითროციტების რაოდენობა – 1,4.1012, აღინიშნება ჰიპოქრომია. რკინადეფიციტური ანემიები ხშირია დღენაკლ ბავშვებში სიცოცხლის 5-6 თვეებზე, როდესაც ორგანიზმში ილევა დედისაგან მიღებული რკინის მარაგი, ვითარდება დღენაკლთა გვიანი ანემია. ანემიები – ვიტამინდეფიციტური ანემიები განპირობებულია В12 ვიტამინის ან ფოლიუმის მჟავას დეფიციტით; ბავშვებში იგი შესაძლებელია იყოს როგორც შეძენილი, ასევე მემკვიდრეობითი. კლინიკური სურათი ხასიათდება იმავე სიმპტომებით, როგორც მოზრდილებში. შეძენილი ვიტამინდეფიციტური ანემიები შედარებით ხშირია დღენაკლულ ბავშვებში, ნაწლავური შეწოვის დარღვევის დროს, ასევე არასწორი კვებისას. მემკვიდრეობითი ფოლიუმ-დეფიციტური ანემია ვლინდება სიცოცხლის პირველ წელზე. В12 დეფიციტური – დაახლოებით 2 წლის ასაკში. მათ არაიშვიათად თან ახლავთ ბავშვის ფსიქომოტორული და ფიზიკური განვითარების შეფერხება. დიაგნოზი ეყრდნობა ანამნეზს, კლინიკურ სურათსა და ლაბორატორიულ მონაცემებს: ჰემოგლობინის შემცველობა 100 გ/ლ-ზე ქვევითაა, შრატისმიერი რკინა 14,3 მკმოლ/ლ (80 მკგ%) ქვევით. ცილადეფიციტური ანემიის დროს შრატისმიერი ცილის შემცველობა 60 გ/ლ (6 გ%), ჰიპოქრომია, ვლინდება მიკროციტები და მაკროციტები, რეტიკულოციტები 1,7%-2% და ზევით, ქრება სიდეროციტები. ვიტამინდეფიციტური ანემიებისათვის დამახასიათებელია ჰიპოქრომია, მაკროციტოზი და ერითროციტების ანიზოციტოზი. დეფიციტური ანემიების მკურნალობა მდგომარეობს დაავადებების გამომწვევის აღკვეთაში, კვებისა და რეჟიმის ნორმალიზაციაში, შესაბამისი პრეპარატების დანიშვნაში. დიაგნოზის დაზუსტებამდე საჭირო არ არის В12 ვიტამინის ან ფოლიუმის მჟავას დანიშვნა. ბავშვებში ჰიპოპლასტური ანემიის შეძენილი ფორმები მიმდინარეობენ ისევე, როგორც მოზრდილებში. თანდაყოლილ ფორმებს შორის გამოყოფენ ფანკონის ანემიას, ან ფანკონის სინდრომს, ერსტენ-დამეშეკის ოჯახურ ჰიპოპლასტურ ანემიასა და ჯოზეფს-დაიმონდ-ბლეკფენის თანდაყოლილ პარციალურ ჰიპოპლასტურ ანემიას. ფანკონის ანემია ბავშვებში ვლინდება სიცოცხლის პირველ წელს. ბიჭუნები ავადდებიან 2-ჯერ უფრო ხშირად, ვიდრე გოგონები. ბავშვები ჩამორჩებიან ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაში. აღინიშნება თვალის, თირკმელების, სასის, ხელის მტევნების განვითარების მანკები, მიკროცეფალია; დამახასიათებელია კანის ჰიპერპიგმენტაცია. 5-7 წლის ასაკში და ზევით ვლინდება პანციტოპენია. ერსტენ-დამეშეკის ოჯახური ჰიპოპლასტური ანემიის დროს აღინიშნება სისხლის ანალოგიური ცვლილებები, მაგრამ ადგილი არა აქვს განვითარების მანკებს. ჯოზეფ-დაიმონდ-ბლეკფენის თანდაყოლილი პარციალური ჰიპოპლასტური ანემია ვლინდება სიცოცხლის პირველ წელს. დაავადება უმეტესად მიმდინარებს კეთილთვისებიანად. კლინიკური სურათი ვითარდება თანდათანობით: ვლინდება მოთენთილობა, კანისა და ლორწოვანი გარსების სიფერმკრთალე, მადის დაქვეითება. სისხლში ქვეითდება ჰემოგლობინის დონე, ასევე ერითროციტებისა და რეტიკულოციტების რიცხვი, ლეიკოციტებისა და თრომბოციტების ნორმალური რიცხვის დროს. ჰიპოპლასტური ანემიის დიაგნოზის დადგენა ხდება კლინიკური სურათისა და ლაბორატორიული გამოკვლევების მონაცემების საფუძველზე. მკურნალობაში გამოიყენება იგივე საშუალებები, რაც მოზრდილებში. შეძენილი ჰემოლიზური ანემიის მიზეზი ბავშვებში შესაძლებელია იყოს დედისა და ნაყოფის სისხლის შეუთავსებლობა, რაც აღინიშნება ახალშობილთა ჰემოლიზური დაავადების, ავტოალერგიის, ურემიის, Е ვიტამინის უკმარისობის დროს. მემკვიდრეობითი ჰემოლიზური ანემიები განპირობებულია ერითროციტების მემკვიდრეობითი დეფექტით, ერითროციტებში ანომალური ჰემოგლობინების არსებობით ან ნორმალური ჰემოგლობინების სინთეზის დათრგუნვით, ასევე ფერმენტთა ანომალიით. მემკვიდრეობით ჰემოლიზურ ანემიებს მიეკუთვნება ჰემოგლობინოპათიები. ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება გაფრთხილება დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988 მასალის წყარო: MedGeo.Net - სამედიცინო ინტერნეტ ქსელი |
რეიტინგი: 5.0/1 |
Счетчики: 4757 | დაამატა: nikucha | |
სულ კომენტარები: 0 | |