Glaucoma / გლაუკომა
გლაუკომა - თვალის ქრონიკული დაავადებაა; ხასიათდება თვალშიგა წნევის პერიოდული ან მუდმივი მომატებით, მხედველობის ნერვის ატროფიითა (გლაუკომური ექსკავაცია) და მხედველობის ველის ცვლილებებით. განასხვავებენ პირველად, მეორად და თანდაყოლილ გლაუკომას.
გლაუკომა - ეტიოლოგია, პათოგენეზი. პირველადი გლაუკომის განვითარებას წინ უძღვის ტროფიკული დარღვევები თვალის წინა ნაწილის ქსოვილებში, განსაკუთრებით მის სადრენაჟო სისტემაში, რაც განპირობებულია თვალის სისხლძარღვოვანი სისტემის და მისი ჰემოდინამიკის ცვლილებებით, ასევე ზოგადი პათოლოგიური გადახრებით. ეს იწვევს სითხის ცირკულაციის დარღვევას და ოფთალმოტონუსის მომატებას. მისი მაღალი დონე იწვევს მეორად ტროფიკულ ცვლილებებს თვალის ქსოვილებში. მხედველობის დაქვეითება უკავშირდება ბადურის და მხედველობის ნერვის ფუნქციური ელემენტების დაღუპვას. დაავადება ვითარდება 40 წელზე უფროს პირებში. მეორადი გალუკომის დროს თვალშიგა სითხის დინების გზებში ცვლილებები, რომლებიც იწვევენ ოფთალმოტონუსის მომატებას, გამოწვეულია თვალის სხვადასხვა დაავადებებით – (თვალის გარსების ანთებითი და დეგენერაციული დაავადებები, ბროლის პათოლოგია, თვალის ტრავმების შედეგები და სხვ.). თანდაყოლილი გლაუკომის დროს თვალშიგა წნევის მომატება წარმოიქმნება უმთავრესად თვალშიგა სითხის დინების დარღვევით, რაც უკავშირდება მეზოდერმალური ქსოვილით წინა კამერის დახურვას. გლაუკომა - სიმპტომები, მიმდინარეობა. განასხვავებენ პირველადი გლაუკომის ორ ფორმას: ღია კუთხოვანს და დახურულ კუთხოვანს. ღია კუთხოვანი გლაუკომა დაკავშირებულია თვალის სადრენაჟო სისტემაში პროგრესირებად დეგენერაციულ ცვლილებებთან. დაავადება ხშირად ვითარდება ავადმყოფისათვის შეუმჩნევლად. სუბიექტური შეგრძნებები ავადმყოფთა უმრავლესობაში არ აღინიშნება. ზოგჯერ ავადყოფები უჩივიან სისავსის შეგრძნებას თვალში, თავის ტკივილს, დაბინდულ მხედველობას, სინათლეზე გახედვისას რგოლების გაჩენას. ბიომიკროსკოპიის დროს – ფერადი გარსის დისტროფია და პიგმენტური ქობის მთლიანობის დარღვევა გუგის კიდეზე. გონიოსკოპიით კუთხე ღიაა. დაავადების საწყის სტადიაში თვალშიგა წნევის მომატება ცვალებადია და ხშირად ვლინდება მხოლოდ დღიური ტონომეტრიით, კომპრესიულ – ტონომეტრიული და ტონოგრაფიული გამოკვლევებით. მხედველობის ნერვის ექსკავაცია და მხედველობის ველის ცვლილებები წარმოიქმნება რამოდენიმე წლის შემდეგ. მხედველობა თანდათანობით უარესდება, თითქმის სიბრმავის განვითარებამდე. დახურულ კუთხოვანი გლაუკომა უკავშირდება ფერადი გარსის ფესვით წინა კამერის კუთხის ბლოკადას. ავადმყოფი უჩივის ტკივილს თვალში და თავის ტკივილს, მხედველობის დაბინდვას. დაავადება იწყება მწვავე ან ქვემწვავე შეტევით, რასაც ახლავს მწვავე ტკივლი თვალისა და თავის არეში, ზოგადი დაუძლურება, არაიშვიათად გულისრევა და ღებინება. აღინიშნება წინა ცილიარული არტერიების გამოხატული ინიექცია; რქოვანა გარსი შეშუპებულია, გუგა შევიწროებულია. შესაძლებელია ფერადი გარსის შეშუპება, უკანა სინექიებისა და გინიოსინექიების განვითარება. თვალის ფსკერი ჩანს ბინდში, მხედველობის ნერვის დისკო შეშუპებულია, არამკაფიო კონტურებით. გონიოსკოპიით კამერის კუთხე მთლიანად დახურულია. თვალშიგა წნევა მატულობს 60 – 80 მმ.ვწყ.სვ. – მდე; მხედველობა მკვეთრად დაქვეითებულია. მეორადი გლაუკომის დროს მატულობს თვალშიგა წნევა და მასთან დაკავშირებული ცვლილებები შერწყმულია ძირითადი დაავადების მრავალფეროვან კლინიკურ სურათთან. თანდაყოლილი გლაუკომის დროს თავდაპირველად აღინიშნება სინათლის შიში, ცრემლდენა, რქოვანას დაბინდულობა, შემდეგ კი თვალის კაკლის გარსების დაჭიმვა და მასთან დაკავშირებული ცვლილებები (რქოვანას დიამეტრის გაზრდა, ზოლოვანი შემღვრევები მის უკანა ზედაპირზე, წინა კამერის ჩაღრმავება, ფერადი გარსის ატროფია, გუგის გაფართოება). დაავადების განვითარების სტადიაში დგება მხედველობის ნერვის ექსკავაცია და მისი ატროფია. საწყის სტადიაში გლაუკომის დიაგნოზი ემყარება დღიური ტონომეტრიის, ელასტოტონომეტრიის და სხვ. მონაცემებს. მწვავე შეტევა დიფერენცირდება ირიტისაგან. ძირითადი განსხვავებაა: ირიტის დროს გუგის სივიწროვე, ნორმალური რქოვანა და წინა კამერის სიღრმე, მნიშვნელოვანი ცილიარული ინიექცია, ნორმალური, დაქვეითებული ან იშვიათად მცირედ მომატებული თვალშიგა წნევა. გლაუკომა - მკურნალობა.დახურულ კუთხოვანი ქრონიკული გლაუკომის დროს ნაჩვენებია ქირურგიული მკურნალობა. ღია კუთხოვანი გლაუკომის მკურნალობას იწყებენ ადგილობრივი ჰიპოტენზური საშუალებებით. ნორმალიზაციის არარსებობისას ნაჩვენებია ლაზერით ან ქირურგიული მკურნალობა. პარალელურად ტარდება ზოგადი მკურნალობაც: თანდაყოლილი გლაუკომის დროს დროულად და სწორად ჩატარებული ოპერაცია საშუალებას იძლევა დიდი ხნის განმავლობაში იქნას შენარჩუნებული მხედველობა. ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები თემატურად მომიჯნავე სტატიები საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება გაფრთხილება დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988 |
რეიტინგი: 4.0/3 |
Счетчики: 2306 | დაამატა: nikucha | |
სულ კომენტარები: 0 | |