დიდმა ბრიტანეთმა ოთარ ფარცხალაძე და ლევან ვასაძე დაასანქცირა
დიდმა ბრიტანეთმა ქართული ოცნების მხარდამჭერი ბიზნესმენები ოთარ ფარცხალაძე და "პოლიტიკოსი და მედიამაგნატი" ლევან ვასაძე დაასანქცირა. ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განთავსდა.
გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული ახალი სანქციები "უკრაინაში პუტინის უკანონო ომის საქართველოსთან დაკავშირებული მხარდამჭერების წინააღმდეგაა მიმართული".
"ეს ნაბიჯი რუსეთის საერთაშორისო მხარდამჭერთა ქსელზე ზეწოლას ამკაცრებს. სანქციები საქართველოში რუსეთის გავლენის ზრდის ფონზე ხორციელდება.
რუსეთის საომარი პოზიციების შესუსტების გამო, კრემლი სულ უფრო მეტად ეძებს მესამე ქვეყნებში არსებულ მარიონეტებს, რათა მხარი დაუჭირონ მის საომარ და პროპაგანდისტულ ოპერაციებს, მათ შორის საქართველოში", — წერის გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბრიტანეთის მთავრობა წერს, რომ "ქართველი პოლიტიკოსი და მედიამაგნატი ლევან ვასაძე სანქციების სამიზნედ არის ქცეული თავისი პლატფორმების გამოყენებისთვის პრორუსული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის. სანქციები დაეკისრა ასევე ბიზნესმენ ოთარ ფარცხალაძეს, რომელსაც ფართო კავშირები აქვს რუსეთთან და ქართული ოცნების პარტიის უმაღლეს ეშელონებთან.
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ 2800-ზე მეტი სანქცია დააწესა, რამაც პუტინის ენერგეტიკული შემოსავლები შეამცირა, კრემლის ბოროტი საქციელი მთელ მსოფლიოში გამოავლინა და უკრაინას სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ სწრაფვაში დაუჭირა მხარი. დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერებას თავის მოკავშირეებთან ერთად, სანამ პუტინი სისხლის ღვრას არ შეწყვეტს", — წერია განცხადებაში.
სახელმწიფო მინისტრი სტივენ დაუთი აცხადებს, რომ ამ ახალი სანქციებით დიდი ბრიტანეთი "კიდევ ერთ სასიცოცხლო ხაზს ჭრის საქართველოში იმ ადამიანების მიზანში ამოღებით, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის უკანონო ომს უკრაინაში".
"პუტინის საომარი მანქანა საერთაშორისო ქსელს ეყრდნობა ტყუილის გასავრცელებლად და ამ ქსელის დასაფინანსებლად.
ჩვენ კიდევ ერთ სასიცოცხლო ხაზს ვჭრით საქართველოში იმ ადამიანების მიზანში ამოღებით და შეკავებით, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის უკანონო ომს უკრაინაში.
კრემლს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს: დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს პუტინის მხარდამჭერი ბნელი ქსელების გამოაშკარავებას", — ამბობს დაუთი.
ახალი სანქციები ასევე შეეხო კომპანია Aeza International-ს, რომლებიც უკრაინის დესტაბილიზაციაშია ჩართული რუსული დეზინფორმაციული კამპანიებისთვის ინტერნეტ სერვისების მიწოდებით; და HeliCo Group-ს, რომელიც რუსეთის სატრანსპორტო ინდუსტრიაში ოპერირებს.
მიმდინარე წლის აპრილში დიდმა ბრიტანეთმა ქართული ოცნების 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა: შალვა ბედოიძე — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; მირზა კეზევაძე — შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; კარლო კაციტაძე — სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი, გიორგი გაბიტაშვილი — გენერალური პროკურორი.