პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
პროკურატურამ პატიმრობაში მყოფი "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. მათ მიმართ საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 25, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, "გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივების ნაწილისათვის კანონიერი სახის მისაცემად აუცილებელ მოქმედებებში გიორგი ბაჩიაშვილმა საკუთარი მშობლებიც ჩართო. კერძოდ, მათი ხელშეწყობით და დახმარებით, საზღვარგარეთიდან საქართველოს იურისდიქციაში თანხების/აქტივების გადმოტანის ოპერაციებით, საკუთარ, ასევე გიორგი ბაჩიაშვილის კონტროლირებად ანგარიშებზე აკუმულირებითა და სხვა აქტივებთან შერევით, ქონებების შეძენით, შემდგომი რეალიზაციით და შედეგად მიღებული თანხების გიორგი ბაჩიაშვილის კონტროლირებად ანგარიშებზე გადატანით და საბოლოდ განთავსების, განცალკევების და ინტეგრაციისათვის ხელის შეწყობის ქმედებებით, უკანონო აქტივები აკუმულირდებოდა ფინანსურ სისტემაში და ერთვებოდა სხვადასხვა სახის ურთიერთობაში.
შედეგად, გიორგი ბაჩიაშვილმა 2017-2023 წლებში მოახდინა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივებიდან 2 944 957 აშშ დოლარის და 1 097 187 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მშობლების დახმარებით", — ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.