1:26 PM
26 ოქტომბერს რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე საპროტესტო მსვლელობა გაიმართება
www.auf.ge -
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გასვლიდან ერთი წლის თავზე, 26 ოქტომბერს 19:00 საათზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები და პოლიტპატიმრების მშობლები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე საპროტესტო მსვლელობას გამართავენ. მათ შეუერთდებათ საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

ერთობლივი განცხადება დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებმა პარლამენტთან გამართულ ბრიფინგზე წაიკითხეს.

"26 ოქტომბერს ერთი წელი სრულდება მას შემდეგ, რაც რეჟიმმა არა მხოლოდ იმ მოქალაქეებს წაართვა ხმა, რომლებსაც ცვლილება სურდათ, არამედ საკუთარი ამომრჩეველიც მოატყუა - ღირსებით წაყვანას დაჰპირდა ევროპისკენ და ძალაუფლების ხელში ჩაგდებისთანავე უღალატა.
რეალურად, 2024 წლის 26 ოქტომბერს, ივანიშვილის რეჟიმმა გადადგა ნაბიჯი საკონსტიტუციო გადატრიალების გასაფორმებლად — ამის მკაფიო დასტური იყო 28 ნოემბერს რეჟიმის მიერ საქართველოს ევროპული მომავლის და სახელმწიფოებრიობის დათმობაზე გაკეთებული განაცხადი.

ახდა მერაბ კოსტავას წინასწარმეტყველება — ჩვენ მოვესწარით საქართველოს დამოუკიდებლობას, მაგრამ ისიც გაცხადდა, რომ თუ ბრძოლას შევწყვეტთ, მოპოვებულ თავისუფლებას ვკარგავთ.

კონსტიტუციით გარანტირებული უზენაესი არჩევანის, ევროატლანტიკური მომავლის და რეალური ეროვნული დამოუკიდებლობის წართმევას ქართული საზოგადოება უწყვეტი წინააღმდეგობით შეხვდა, რასაც დღესაც აგრძელებს — რეპრესიების, დაშინების, ძალადობის და თავისუფლების აღკვეთის მიუხედავად.

...შევიკრიბოთ 26 ოქტომბერს, 19:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე ჩვენი მსვლელობით ყველას ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა, ჩვენ ვართ ბევრნი, ჩვენ აქ ვართ და ვაგრძელებთ ამ ბრძოლას ბოლომდე და გამარჯვებამდე", — ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.


ნანახია: 64 | დაამატა: nikadzam0808 | ტეგები: საპროტესტო აქცია, უწყვეტი პროტესტი, გამარჯვება, 26 ოქტომბერი, უწყვეტი აქცია, რესპუბლიკის მოედანი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]