საბა ბრაჭველი: 12-წლიანი სასკოლო ციკლის შემცირების გამო საშუალო განათლების საერთაშორისო აღიარებაც გაჭირდება
იურისტი საბა ბრაჭველი ოცნების პრემიერის მიერ განათლების რეფორმის პრეზენტაციას ეხმაურება, სადაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "უნდა გადავიდეთ 3+1 სისტემაზე, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს და 1 წელი დაეთმობა მაგისტრატურას", 12-წლიანი სასკოლო ციკლი ისევ 11-წლიანით უნდა შეიცვალოს და სურთ დაამკვიდრონ "მკაფიო პრინციპი: ერთი ქალაქი — ერთი ფაკულტეტი".
ბრაჭველი ამბობს, რომ "12-წლიანი სასკოლო ციკლის შემცირების გამო საშუალო განათლების საერთაშორისო აღიარებაც გაჭირდება".
"საუნივერსიტეტო განათლების რეფორმის პრეზენტაცია, პროპაგანდის წესების შესაბამისად, ყველაზე მიმზიდველი შედეგის ფრიალით დაიწყეს — პროფესორის ხელფასი 10 ათასი ლარი გახდებაო. ზოგიერთმა კარგმა მედიამაც ყველაზე მეტად ეს აიტაცა და გააშუქა.
თუ ამ შედეგის გამომწვევ მიზეზებს ჩავყვებით, ვნახავთ, რომ დაგეგმილია საუნივერსიტეტო პერსონალის დიდი შემცირება და წმენდა. ჰაერზე კი არ იზრდება რამე — პროფესორების ადგილების გამოთავისუფლების ხარჯზე გაიზრდება დარჩენილების ხელფასი. ადგილის შენარჩუნების სანაცვლოდ მათ კარგ შემთხვევაში — პასიური დუმილი, უფრო სავარაუდოდ კი — აქტიური მორჩილება მოუწევთ. თავიანთი პროპაგანდისტების დასასაქმებლადაც კარგი შესაძლებლობაა. მით უმეტეს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებს უცხოელი პროფესორების მოწვევაც აეკრძალებათ.
ფაკულტეტების და პროფესურის შემცირება ასევე ნიშნავს სტუდენტების რაოდენობის შემცირებას. უმაღლესი განათლების დონე ჩვენს ქვეყანაში ახლა შველას საჭიროებს, მალე კი — საშველიც აღარაფერი იქნება, რადგან თავად უმაღლესი განათლების მიღება გახდება იშვიათობა. განათლების მიღების გარეშე შემცირდება კრიტიკული აზროვნების ისედაც სავალალო მაჩვენებელი, რაც ტვინის რეცხვისა და პროპაგანდისთვის კიდევ უფრო ნოყიერ ნიადაგს შექმნის.
და თუ ვინმეს შვილი აქაურ სკოლას დაამთავრებს იმ იმედით, რომ პირდაპირ უცხოეთში გააგრძელოს სწავლა, ცუდი ამბავია აქაც — 12-წლიანი სასკოლო ციკლის შემცირების გამო საშუალო განათლების საერთაშორისო აღიარებაც გაჭირდება. ჯეროვანი განათლების მიღებამდე ჯერ პროპაგანდისტების ტვინის რეცხვის მოსმენა მოუწევს. (UPDATE: ამის პასუხად კობახიძემ თქვა, რა პრობლემაა, მშობლები ადგნენ და ჯერ მე-12 კლასი დაამთავრებინონ ბავშვს უცხოეთში).
ეს არის დღევანდელი პრეზენტაციის მთავარი შინაარსი და არა 1-2 გადარჩეული პროფესორისთვის გასაზრდელი ხელფასი. ეს არის გზა მომავალი თაობების განათლების მოსპობისკენ", — წერს საბა ბრაჭველი.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, "ვინმეს უნდა მე-12 წლის დახურვა, შეიძლება, ქვეყანაშიც შევქმნათ ამის შესაძლებლობა, ამის განხილვა შეიძლება, თუმცა ნებისმიერ ახალგაზრდას აქვს შესაძლებლობა, საზღვარგარეთ დახუროს მე-12 კლასი და შემდეგ განაგრძოს პირველი კურსიდან სწავლა უმაღლესი განათლების დონეზე".
"კონკრეტული ადამიანების პოსტები შემხვდა, წუხან იმაზე, რომ მიგრაციას შეექმნება გარკვეული ბარიერები. ჩვენ გვინდა, ქართველი ახალგაზრდები დარჩნენ საქართველოში და საქართველოში მიიღონ მაღალი დონის განათლება. რატომ უნდა უნდოდეს ადამიანს, რომ ქართველები მრავლად წავიდნენ ქვეყნიდან. მით უმეტეს, ბუნებრივი მოვლენაა, როდესაც ახალგაზრდები მიდიან საზღვარგარეთ სასწავლებლად პირველი კურსიდან, მათი დიდი ნაწილი საცხოვრებლად რჩება საზღვარგარეთ. რატომ უნდა წავახალისოთ ხელოვნურად მიგრაცია. თუმცა, ჩვენ არავითარ ბარიერს არ ვქმნით. შეიძლება თავისუფლად გამოსავლის მოძიება, თუ ვინმეს უნდა მე-12 წლის დახურვა, შეიძლება, ქვეყანაშიც შევქმნათ ამის შესაძლებლობა, ამის განხილვა შეიძლება, თუმცა ნებისმიერ ახალგაზრდას აქვს შესაძლებლობა, საზღვარგარეთ დახუროს მე-12 კლასი და შემდეგ განაგრძოს პირველი კურსიდან სწავლა უმაღლესი განათლების დონეზე. არაფერია სასპეკულაციო. ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, რომ წავახალისოთ ახალგაზრდების მიგრაცია ქვეყნიდან, უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ საქართველოში მიიღოს ქართველმა ახალგაზრდამ იმ დონის განათლება, რა დონის განათლებასაც სხვა ქვეყანა სთავაზობს", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.