10:29 AM
საპატრიარქომ არქიმანდრიტ დოროთეს ეპარქიულ კომისიაზე არგამოცხადებისთვის მკაცრი გაფრთხილება მისცა
www.auf.ge -
საქართველოს საპატრიარქოს მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის დასკვნას აქვეყნებს, სადაც წერია, რომ კომისიის წევრებმა შეაფასეს არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის მხრიდან ბოლო პერიოდში მასმედიის საშუალებებით გაკეთებული განცხადებები და საჯარო გამოსვლები, სადაც იკვეთება დისციპლინური, ზნეობრივი და ცილისმწამებლური ხასიათის დარღვევები, რის გამოც "კომისიის წევრებმა დასკვნის სახით მიიღეს შემდეგი გადაწყვეტილება: ეპარქიულ კომისიაზე არასაპატიო მიზეზით არგამოცხადებისთვის მიეცეს მკაცრი გაფრთხილება, ხოლო ახსნა-განმარტებისთვის უნდა გამოცხადდეს მცხეთა-თბილისის ეპარქიის მომავალ კომისიაზე".

კომისიის თავმჯდომარედ მითითებულია საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი).

კომისიის წევრები არიან: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე); დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი); დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე (საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ხელმძღვანელი); დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი (თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის კანონიკური სამართლის კათედრის გამგე).

"მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს მცხეთა-თბილისის ეპარქიულმა კომისიამ განიხილა ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) საკითხი.

კომისიის წევრებმა შეაფასეს არქიმანდრიტ დოროთეს მხრიდან ბოლო პერიოდში მასმედიის საშუალებებით გაკეთებული განცხადებები და საჯარო გამოსვლები, სადაც იკვეთება დისციპლინური, ზნეობრივი და ცილისმწამებლური ხასიათის დარღვევები. კერძოდ, მის საუბრებში, როგორც ამბიონიდან, ისე საჯარო გამოსვლებში, გამოიკვეთა წმინდა სინოდის, ცალკეული სასულიერო პირებისა და მორწმუნე საზოგადოების მისამართით დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები. ასევე, მისი მხრიდან ადგილი აქვს ცილისწამების გავრცელებას, თითქოს მიმდინარე წლის 16 სექტემბერს, საპატრიარქოში შეხვედრისას, მას თავისი პოლიტიკური პოზიციის გამო მოეთხოვა პასუხი.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს მცხეთა-თბილისის ეპარქიულ კომისიაზე, რომელზეც დაბარებული იყო და მღვდელმთავრებთან საკუთარი პოზიციის განმარტების საშუალება მიეცემოდა, არქიმანდრიტი დოროთე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა. ეს კი სასულიერო პირის მხრიდან სერიოზულ დისციპლინურ დარღვევას წარმოადგენს.

აღნიშნულის საფუძველზე, კომისიის წევრებმა დასკვნის სახით მიიღეს შემდეგი გადაწყვეტილება:

არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) ეპარქიულ კომისიაზე არასაპატიო მიზეზით არგამოცხადებისთვის მიეცეს მკაცრი გაფრთხილება, ხოლო ახსნა-განმარტებისთვის უნდა გამოცხადდეს მცხეთა-თბილისის ეპარქიის მომავალ კომისიაზე", — წერია დასკვნაში.

საქართველოს საპატრიარქოს მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის დასკვნას კომისიის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი აწერს.

დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ არქიმანდრიტის კომისიაზე დაბარება 12 ოქტომბერს "იმედის" ეთერში დააანონსა, შემდეგ კი ამის შესახებ Facebook-ზე დაწერა.

"2 ოქტომბერს გასულ ინტერვიუში, არქიმანდრიტ დოროთეს გამონათქვამებთან დაკავშირებით მოსალოდნელ კომისიაზე ვისაუბრე.

დღეს მისგან ვერ მივიღეთ დასტური, ხუთშაბათს დანიშნულ, კომისიაზე გამოცხადების შესახებ.
ცნობისათვის, საპატიო მიზეზის გარეშე, ეპარქიის კომისიაზე გამოცხადებაზე უარის თქმა, არის დისციპლინური გადაცდომა", — დაწერა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა.

არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის "ნეტგაზეთთან" საუბრისას განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, კონკრეტულად მის რომელ გამონათქვამებზე ჰქონდათ პრეტენზია.

"მე ვფიქრობ, მამა ანდრია თვითონ არის სინოდზე დასაბარებელი. მე ვუთხარი, რომ მე მოვდივარ სინოდზე. თუ მე სინოდზე არ დამიბარებენ და ამ საკითხს არ განიხილავენ, მე იძულებული ვიქნები მივმართო მსოფლიო პატრიარქს და გავაცნო საქართველოში ეს უმსგავსობა, რაც არის მეუფე სტეფანეს მწვალებლური ქადაგება, რომელიც ზიარებას შეეხება.

მე ყოველი სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ არ ვაპირებ მამა ანდრიასთან სიარულს. თან მითხრეს, რომ კომისია გიბარებსო, მაგრამ არ მითხრეს, ვინ არის ეს კომისია, არც მეუფე შიოს სახელი უთქვამს, არც მეუფე ანდრიას სახელი უთქვამს და არცერთი მეუფის სახელი. კომისიაში თუ არის მამა ანდრია ჯაღმაიძე და მამა მიქაელ ბოტკოველი, ეს არ ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ ჩემი დაბარება. კომისიის სახელით კი არ უნდა დამიბარონ, იმ ეპისკოპოსის სახელით უნდა დამიბარონ, რომელიც ხელმძღვანელობს ამ კომისიას. ჩემი დაბარება შეუძლია მხოლოდ ეპისკოპოსს და თან მეუფე შიოს თუ კომისიის უფროსად იქნება მეუფე ანდრია, მასაც შეუძლია, მაგრამ არა დეკანოზ მიქაელ ბოტკოველს და დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს. სტატუსებს ისინი დიდი ხანია პატივს არ სცემენ, მაგრამ მე არ დავუშვებ, რომ არქიმანდრიტი დეკანოზებმა არბენინონ აქეთ-იქით", — განუცხადა ნეტგაზეთს არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა.


ნანახია: 61 | დაამატა: nikadzam0808 | ტეგები: arqimandriti dorote kurashvili, sapatriarqo, საპატრიარქო, არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]