არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: ვებრძვი მას, ვინც საქართველოს იტაცებს და იმას, ვინც საქართველოს ეკლესია მიიტაცა
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი საპატრიარქოსთან მივიდა, მაგრამ რაკი საპატრიარქომ ეპარქიული კომისიის სხდომაზე მედიის წარმომადგენლების დასწრებაზე უარი თქვა, ის სხდომას არ ესწრება. მისი თქმით, მეუფე შიოს მისი დასჯა აქვს დავალებული.
"დავრჩები ისე, როგორც ვარ თუ მღვდლობიდან განმაყენებენ, ორივე ეს გადაწყვეტილება ჩემთვის გამარჯვება იქნება, რადგან მე ვებრძვი რუსულ რეჟიმს. ვებრძვი მას, ვინც საქართველოს იტაცებს და იმას, ვინც საქართველოს ეკლესია მიიტაცა. ეს არის ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის დაკვეთა. მე მსჯის ბიძინა ივანიშვილი და რუსეთი, რადგან ჩემს მიერ ნათქვამ სიტყვებში, მათ ვერ და არ აღმოაჩინეს რამე საეკლესიო გადახრა, ანუ ისეთი რაიმე სწავლებით, რომელსაც მღვდელი არ უნდა ასწავლიდეს", — განაცხადა არქიმანდრიტმა.
არქიმანდრიტი დოროთე საეპარქიო კომისიაზე 16 ოქტომბრის შემდეგ მეორედ, 29 ოქტომბერს დაიბარეს — არქიმანდრიტის თქმით, ის მხოლოდ იმ შემთხვევაში წარდგებოდა საპატრიარქოში, თუ საპატრიარქო მედიას დართავდა კომისიაზე დასწრების უფლებას.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ 25 ოქტომბერს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის შეტყობინებას არქიმანდრიტ დოროთესადმი, სადაც ეწერა, რომ "ტელევიზიების მონაწილეობით ეპარქიული კომისიის ხდომა ვერ და არ გაიმართება".