11:40 PM
არაფერია, გარდა იმისა, რაც ყოველთვის არის / araferia, garda imisa, rac koveltvis aris
www.auf.ge -
ბოლო ერთ წელში იმდენი დანამული თვალი ვნახე, ალბათ მთელი ცხოვრება ერთად აღებული არ მინახავს.

ნამი იყო ჩემიც და სხვისიც და გარდა ამისა წამი იყო დიდი და საერთო – გაქვავებული, დაუსრულებელი, ახლაც მიმდინარე და ბოლოც არ უჩანს თითქოს.

ჰოდა, დანამული თვალები ვნახე ბევრი მიზეზით – ჯერ იყო შიში, მერე ბრაზი, მერე სიმწარე, მერე უსამართლობა, მერე გაგიჟება, მერე გაშეშება, მერე გარდაცვალება, მერე მონატრება, მერე გულისტკივილი, მერე სიხარული, მერე ისევ შიში, ბრაზი, სიმწარე, უსამართლობა, გაგიჟება, გაშეშება, გარდაცვალება, მონატრება, გულისტკივილი და ასე მონოტონურად, დაუსრულებლად, წრიულად.

არის ამაში რაღაც ბანალური და საერთოდაც, გადაღეჭილი, მაგრამ რომ არ გვანებებს თავს? რომ არ მიდის და არაფრის დიდებით არ მთავრდება?

აქ არაფერია, გარდა იმისა, რაც ყოველთვის არის.

როცა იბადები ტირი, სახე გემანჭება, შუქი დაგნათის და სადღაც გრძნობ დედის ოფლიან სუნს.

აქ არაფერია, გარდა იმისა, რაც ყოველთვის არის.

და ეს ყოველთვის, მართლა ყოველთვისაა, ხან კარგია, ხან ცუდი, მაგრამ ყოველთვის არის. ხან შემართებაა, ხან უარყოფა, ხან იგნორი, მერე გამოღვიძება, მერე უიმედობა, მერე ნაპერწკალი. სადღაც, ალბათ გულის სიღრმეში უკვე ნაკვერჩხალია, რომელსაც გამწარებული უბერავ სულს, ეგება და არ ჩაქრეს, იქნებ ცოტაც გაუძლოს, ცოტაც გაგაქაჩინოს, ცოტაც მოგათმენინოს, ცოტაც არ შეგაზიზღოს, ცოტაც არ დაგანებოს.

ხოდა დადიხარ ქუჩებში ამ ნაკვერჩხალის ამარა და ეძებ ნიშნებს შენს ირგვლივ. შენობებში, ტრანსპორტში, ტანსაცმელში, ჩანთაში, სახეებში, თვალებში, სურნელში. მიდიხარ კარგად ნაცნობ კი არა, დაზეპირებულ ადგილას, იხედები ირგვლივ და თითქოს უკვე თავბრუ გეხვევა და თითქოს უკვე სიზმარია და თითქოს უკვე იყო და თითქოს ტრადიციულია, – არის ამაში რაღაც საკრალური, რიტუალური; და რომ რჩება? რომ არ მიდის და არაფრის დიდებით არ მთავრდება?

აქ არაფერია, გარდა იმისა, რაც ყოველთვის არის.

ბოლო ერთ წელში იმდენი დანამული თვალი ვნახე, ალბათ მთელი ცხოვრება ერთად აღებული არ მინახავს.

ეს თვალები ყველასი იყო, თითქმის ყველასი, ყველასი ანუ ჩვენი და ჩვენი ანუ მათი, ვისაც ჟინი აქვს და სჯერა და რაღაცის სურვილი ამოძრავებს, თითქოს უაზრო სურვილია, თუმცა ნამდვილია და რაც ნამდვილია, ის მიღწევადიც ხდება თავისებურად.

ჰოდა, რიტუალური და საკრალური რომ ვახსენე რამდენიმე წინადადების უკან, ძველი რიტუალები კი დაგვავიწყდა და ეგ არის, აი მაგალითად თვეში ერთხელ ლამაზ შენობაში შესვლა და გულის ფანცქალი, მერე ტაში და მერე ლოდინი, მერე ნახვა და ემოციების გაზიარება და მერე სიხარული და არა, ერთხელ მაინც როგორ არ მივიტანე ყვავილები, ჰა?! ახლა მხოლოდ სიტყვები დამრჩა, ამის გარდა არც არასდროს მქონია რამე, თუმცა მაშინ ალბათ მეგონა, ფიზიკურ ადგილზე არსებობაც რაღაც სხვა ამბავს ყვებოდა.

ეგ რიტუალი გადასხვაფერდა, ნუ ჩემს შემთხვევაში მაინც, პირველი იმით, რომ ჩემმა სიშორემ წელიწადის დრო შეცვალა და ახლა ლამაზ, მაგრამ მორალურად ამორტიზებულ შენობაში ორი ცხელი თვე, ყოველკვირეულად ვიარე. იქაც იგივე ხალხია, ოღონდ ახლა ერთ მხარეს ვსხედვართ და სხვებს ვუყურებთ, მათ შორის იმას, ვინც ადრე მათ გვერდით იდგა და იმდენად სიურრეალისტური განცდაა, იმდენად აუხსნელი, ჩემს შესაძლებლობებს ნამდვილად სცდება, სხვისი არ ვიცი.

მაგის მერე მსოფლიოს სხვა წერტილში წასული თანამოაზრეებს სანთლით ვპოულობ და აღარ თუ ვეღარ ვჩუმდები, ადრე კიდევ შემეძლო, ახლა აღარ შემიძლია, გამარჯობის მერე მაშინვე მაგას ვყვები, თავიდან ბოლომდე, უკვე დაზეპირებული ტექსტით, რომელსაც, ჩემდა სამწუხაროდ, აბზაცები ემატება და ემატება.

მინდა დიდი წერტილი დავსვა,- არა! ძახილის ნიშანი, ოღონდ ძახილი სიხარულისა, მაგრამ აბა ჯერ, ისევ კითხვებს ვპასუხობ.

ისევ ისეა, ნუ ცოტა უარესად, მაგრამ მაინც ვართ, ზოგი სად, ზოგი სად, მაგრამ ვართ და ისევ გვაქვს დანამული თვალები ბევრი მიზეზით – შიში, ბრაზი, სიმწარე, უსამართლობა, გაგიჟება, გაშეშება, გარდაცვალება, მონატრება, გულისტკივილი და ასე მონოტონურად, დაუსრულებლად, წრიულად.

ნეტავ იქ, სადმე კიდევ ვართ ასე ხუთიოდე ზაფხულის წინანდელები, ლაღები და იმედიანები. ალბათ ვიქნებით, რადგან აქ არაფერია, გარდა იმისა, რაც ყოველთვის არის.


ნანახია: 55 | დაამატა: nikadzam0808 | ტეგები: გარდაცვალება, მონატრება, უსამართლობა, ბრაზი, შიში, სიმწარე, ლაღი, publikage, გაშეშება, გაგიჟება, გულისტკივილი, იმედიანი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]