3:49 PM "განაჩენი გამოტანილია და თქვენი სრული იგნორირება ხდება" — ჯაფარიძე მოსამართლეებს | ||||||||||||
|
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე რევაზ ნადარაიამ უპასუხა, რომ სასამართლო პოლიტიკოსების განცხადებებს ვერ შეაფასებს, რადგან ყველა მხარე სხვადასხვა ინტერვიუში მრავალ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, სასამართლოზე ზემოქმედებას ვერავინ მოახდენს და მსგავსი მცდელობაც არ ყოფილა. "ყველაზე დიდი შეურაცხყოფა არის, როდესაც მათი პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ რამდენიმე დღეა დარჩენილი პარტიების გაუქმებამდე. ამაზე მეტი შეურაცხყოფა როგორ შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოს მიაყენო? ეს არის უზარმაზარი შეურაცხყოფა სწორედ თქვენი კომპეტენციისა და უფლებამოსილების მიმართ, როდესაც პარტიის ლიდერი ამბობს, რომ რამდენიმე დღე დარჩა ამ პარტიების არსებობისთვის, ანუ განაჩენი გამოტანილია და თქვენი სრული იგნორირება ხდება. ეს არის თქვენზე ზემოქმედება" — განაცხადა დღევანდელ სხდომაზე ძლიერი საქართველო ლელოს ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ. რაზეც რევაზ ნადარაიამ უპასუხა, რომ ზეწოლის მცდელობას ადგილი არ ჰქონია. "ჩვენ ვერ შევაფასებთ პოლიტიკოსების განცხადებებს. სხვადასხვა ინტერვიუში ყველა მხარე ძალიან ბევრ განცხადებას აკეთებს. არავითარი ზემოქმედების ქვეშ ჩვენ ვერ მოგვაქცევს ვერავინ. არავითარ მცდელობასაც არ ჰქონია ადგილი და ვერც მოგაქცევთ ვერავინ ვერასოდეს — ეს იცოდეთ", — განაცხადა რევაზ ნადარაიამ. ჯაფარიძის განმარტებით, შუამდგომლობის მთავარი მიზანია, საკონსტიტუციო სასამართლომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს, რათა ამ უკანასკნელმა განსაზღვროს, რა სტანდარტით უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს სასამართლომ ხუთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საკითხის განხილვისას. "აქ მთავარი მოტივატორი ამ შუამდგომლობისა არის ის, რომ მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს. ხუთი სრულიად დამოუკიდებელი ერთმანეთისგან პოლიტიკური ორგანიზაცია — ყოველ შემთხვევაში, „ლელო საქართველო“ შექმნილია 2019 წლის ბოლოს და არანაირი კავშირი არ აქვს სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებთან. ხუთი პოლიტიკური ორგანიზაციის ერთიანად გაუქმების მოთხოვნის პრეცედენტი არ არსებობს — არა მხოლოდ გაუქმების. ამიტომ ევროპულ კონვენციასთან ამ მოთხოვნის შესაბამისობის სტანდარტი უნდა იყოს განსაზღვრული და ჩვენი შუამდგომლობის მთავარი მოტივატორი არის ის, რომ ამ სასამართლომ მიმართოს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს, რათა ამ სასამართლომ განსაზღვროს, ხუთი პარტიის აკრძალვის საკითხზე რა სტანდარტით უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს სასამართლომ", — განაცხადა ჯაფარიძემ. მიმაგრება: სურათი 1
|
| |||||||||||