3:52 PM რთული დღე კიბერუსაფრთხოებისთვის — რა შეემთხვა ინტერნეტს 21 ოქტომბერს | ||||||||||||
|
მთელს მსოფლიოში მთავრობათა ვებგვერდები გაითიშა მას შემდეგ, რაც ხელოვნურმა ინტელექტმა პოპულარულ პროგრამირების ენაში, PHP-ში, კრიტიკული ხარვეზები აღმოაჩინა. სწორედ PHP-ს ხარვეზმა შეაფერხა ჩვენი პლატფორმის, teoria.on.ge-ის, ფუნქციონირებაც, რადგან ისიც PHP-ზე მომუშავე ვებსაიტების რიგს მიეკუთვნება. პრობლემა იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ აშშ-ის ეროვნულმა უსაფრთხოების სააგენტომ (NSA) ორგანიზაციებს მოუწოდა, PHP დაუყოვნებლივ განაახლონ ან სისტემები დროებით გათიშონ. კომპანიები და სახელმწიფო უწყებათა უსაფრთხოების გუნდები რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. PHP-ის პრობლემა ერთადერთი გამოწვევა არ ყოფილა. JavaScript-ის ღია პლატფორმა Node.js-იც მოულოდნელად გამოეხმაურა კრიზისს და განაცხადა, რომ ბოლო განახლებაში ოთხი სერიოზული ხარვეზი აღმოაჩინა და გამოასწორა. მათგან ერთი სისტემაში კოდის დისტანციურად გაშვების საშუალებას იძლეოდა, ხოლო ორი — საფრთხეს ქმნიდა TLS ვალიდაციის გვერდის ავლითა და სერვერის ავთენტურობის დარღვევით. ამას გარდა, LiteLLM-ის წარმომადგენლებმა X-ზე დაწერეს, რომ პოპულარულ ღია პროქსი-სისტემაზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა და მასში მავნე კოდი ჩაინერგა. ზიანის მომტანი ფაილები PyPI-ზე, Docker Hub-სა და GitHub-ის რეესტრში გავრცელდა. ჩანერგილი მავნე პროგრამა ღრუბლოვან მონაცემებს, პაროლებსა და AI სერვისების წვდომებს იპარავდა, ხოლო დისტანციური შეღწევის ტროიანმა თავდამსხმელებს საშუალება მისცა, გატეხილ სისტემებზე ბრძანებები დისტანციურად შეესრულებინათ. კომპანიამ მავნე ვერსიები უკვე წაშალა და მომხმარებლებს უსაფრთხოების რეკომენდაციების მიყოლისკენ მოუწოდა. პრობლემები ამით არ სრულდება — ინდურ სერტიფიკაციის ორგანიზაციას, eMudhra-ს, დახურული გასაღებები (Private Keys) მოჰპარეს. ეს ჰაკერებს ყალბი სერტიფიკატების გაცემისა და რეალური საიტების გაყალბების შესაძლებლობას აძლევს. ექსპერტებმა ამ ინციდენტს OpenSSL-ის ცნობილი Heartbleed-ის ხარვეზზე კიდევ უფრო მასშტაბური კრიზისი უწოდეს. ეს შემთხვევები ბოლო პერიოდში მომრავლებულ სხვა კიბერშეტევებს ემატება, რომელთა შორისაა: TiDB Cloud-ის გატეხა, Plex Media Server-ის ხარვეზებით (Plex2Shell) მანიპულირება და BeyondTrust-ის პროდუქტში აღმოჩენილი კრიტიკულად სუსტი წერტილი, რომელსაც თავდამსხმელები აგვისტოდან იყენებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოვლენები ერთმანეთთან პირდაპირ კავშირში არ არის, მათი ერთდროულად გამოვლენა უსაფრთხოების სფეროს დიდ გამოწვევებს უქმნის — განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხელოვნური ინტელექტი ჰაკერებს მსგავსი ხარვეზების გამოყენებას კიდევ უფრო უადვილებს. მიმაგრება: სურათი 1
|
| |||||||||||