გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2018 » იანვარი » 26 » შესაძლებელია თუ არა დეჟა-ვუს ფენომენის ახსნა? / shesadzlebelia tu ara deja-vus fenomenis akhsna?
5:37 PM
შესაძლებელია თუ არა დეჟა-ვუს ფენომენის ახსნა? / shesadzlebelia tu ara deja-vus fenomenis akhsna?






ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გქონიათ შეგრძნება, თითქოს მეორდება ის, რაც უკვე მოხდა. ამ ფენომენს დეჟა-ვუს ვუწოდებთ, რომლის პირდაპირი თარგმანიც ქართულად არის "უკვე ვნახე".

კვლევებმა აჩვენა, რომ დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 70%-ს ჰქონია ეს შეგრძნება და უფრო ხშირად ის 15-დან 25-წლამდე ადამიანებს განუცდიათ.

იმ შემთხვევაში, თუ დეჟა-ვუ არ განგიცდიათ, ძალიან რთულია ვინმემ აგიხსნათ. ეს იმ სიზმრის გახსენებას ჰგავს, რომელიც ნელ-ნელა გონებიდან გისხლტებათ. დეჟა-ვუს შეგრძნება რამდენიმე წამი გრძელდება და იმ მომენტში, როცა უკვე ვიწყებთ ფიქრს, თუ საიდან გვეცნობა ეს სიტუაცია თუ დიალოგი, შეგრძნებაც ქრება. სწორედ ამ ხანმოკლე მოქმედების გამო, მისი ფენომენის ახსნა რთულია და დღემდე ბურუსითაა მოცული. ამასთანავე, დეჟა-ვუს შეგრძნების შექმნა ხელოვნურად ძალიან რთულია.

თუმცა, ფაქტია, რომ ამ თემას საზოგადოების მხრიდან ინტერესი არ მოკლებია და რამდენიმე მეცნიერმა ამასთან დაკავშირებით საკუთარი თეორიაც წარმოადგინა.

შემთხვევითი აღგზნებები ტვინში
2006 წელს, ლიდსში, მეცნიერთა ჯგუფი ცდილობდა, დეჟა-ვუს შეგრძნება შეექმნათ ჰიპნოზის გამოყენებით. ისინი აკვირდებოდნენ ტვინის გარკვეული ნაწილის აღგზნებას, როცა ექსპერიმენტის მონაწილე რაღაცის გახსენებას ცდილობდა.

მაგალითად, როცა ვიწყებთ რამის გახსენებას, თავდაპირველად, ტვინი იწყებს ძიებას ჩვენს მოგონებებში, შემდეგ, როცა იპოვის სასურველ მოგონებას, ეს მოგონება ტვინის გარკვეულ ნაწილში იდენტიფიცირდება, როგორც ჩვენთვის უკვე ნაცნობი. დეჟა-ვუს დროს შესაძლებელია, რომ მეორე პროცესი შეცდომით წარიმართოს, ანუ მოხდეს იმ მოგონების იდენტიფიცირება "ნაცნობად", რომელიც რეალურად არ მომხდარა.

ექსპერიმენტში მონაწილეობდა 18 მოხალისე, რომელთაც ჰიპნოზის დაწყებამდე 24 სიტყვისგან შემდგარი სია უნდა გადაეკითხათ. ჰიპნოზის დროს მათ ეუბნებოდნენ სიტყვებს, რომლებიც წითელ ან მწვანე ჩარჩოებში იყო ჩასმული. წითელი ჩარჩო ნიშნავდა იმას, რომ ეს სიტყვა საწყის სიაში იყო, მწვანე კი იმას, რომ ეს სიტყვა ექსპერიმენტის დაწყებამდე მონაწილისთვის არ გაუცნიათ.

ჰიპნოზის შემდეგ, მონაწილეებს წაუკითხეს სიტყვათა მთელი არსენალი და მათ შორის იყო ისეთი სიტყვებიც, რომლებიც მონაწილეებმა მხოლოდ ჰიპნოზში მოისმინეს.

მოხალისეებიდან 10 ადამიანს უცნაური შეგრძნება დაეუფლა, ხოლო 5-მა აღნიშნა, რომ დეჟა-ვუ ჰქონდა.

მუშაობით გადატვირთული მეხსიერება
წლების მანძილზე, ფსიქოლოგებმა რამდენიმე განსხვავებული ახსნა წარმოადგინეს დეჟა ვუს ფენომენზე.

შესაძლებელია, ეს იყოს ზედმეტი მუშაობისგან გამოწვეული ხარვეზი თავის ტვინის მოკლე და გრძელვადიან სქემებს შორის, როცა ახალ ინფორმაციას უკვე ნაცნობ ინფორმაციაში ვურევთ.

ასევე მნიშვნელოვანია რინალური კორტექსის ფაქტორიც - ეს არის ტვინის უბანი, რომელიც გვიყალიბებს ნაცნობ გრძნობებს. ეს უბანი შესაძლებელია გააქტიურდეს გარშემომყოფი უბნების აღგზნების გარეშე, რომლებიც კავშირშია მეხსიერებასთან.

ეს კი ხსნის იმას, თუ რატომაა რთული იმის აღქმა, თუ კონკრეტულად რა გვეცნობა დეჟა-ვუს ეპიზოდისას.

მეოთხე თეორია კი მოგვითხრობს, რომ დეჟა-ვუ ცრუ მოგონებებია. თეორიის ავტორი, ფსიქოლოგი ვალერია რეინა, Business Insider-თან საუბარში ამბობს:

“[დეჟა ვუ] პირდაპირ უკავშირდება ცრუ მოგონებებს და ამ დროს ისეთი შეგრძნება გვაქვს, თითქოს მეხსიერება გვერევა. ის მიჯნავს რეალურს ჩვენი მეხსიერებიდან. საკუთარი მეხსიერების დისოციაციის უამრავ ფაქტს ვაწყდებით საკუთარ ცხოვრებაში. მაგალითად, როცა შენ არ ხარ დარწმუნებული რაიმეს შესახებ, გგონია რომ ის ან დაგესიზმრა, ან სადღაც ფილმში ნახე, შესაძლებელია, ეს შენს ცხოვრებაში მოხდა.“

შეუსაბამობები ჩვენს მეხსიერებაში
გასულ წელს ფსიქოლოგმა აკირა ო’კონორმა საკუთარ კვლევაში აღნიშნა, რომ ცრუ მოგონებები არაფერ შუაშია. შესაძლებელია, დეჟა-ვუ მეხსიერების შემოწმებას ემსახურებოდეს.

ო’კონორმა და მისმა გუნდმა საკუთარ ექსპერიმენტში 21 მოხალისე ჩართო. თითოეული მოხალისის ტვინზე ექსპერიმენტის პროცესში მიმდინარეობდა ინტენსიური მონიტორინგი. ექსპერიმენტის მიზანი კი ისევ და ისევ დეჟა-ვუს ხელოვნურად შექმნა იყო.

ამის გასაკეთებლად, პირობითად, მონაწილეებს აძლევდნენ შემდეგ სიტყვებს: საწოლი (Bed), ღამე (night), თვლემა (nap).

როდესაც მოხალისეები იწყებდნენ სიტყვების ჩამოთვლას, უმეტესობა ამატებდა კიდევ ერთ სიტყვას - ძილს (sleep), რომელიც საწყის ჩამოთვლილ სიტყვებში ნახსენები არ იყო, თუმცა აზრობრივად ამ სიტყვათა ჯაჭვს უკავშირდებოდა - ეს ცრუ მოგონებაა.

ამგვარად, დეჟა-ვუს განცდა რომ შეექმნათ, კვლევის ავტორებმა მოხალისეებს პირველად ჰკითხეს, ჩამოთვლილი სიტყვებიდან იყო თუ არა ისეთი, რომელიც იწყებოდა s ასოზე, რაზეც მათი პასუხი იყო - არა. მაგრამ როდესაც მათ ჰკითხეს სიტყვა ძილზე (sleep), მოხალისეებს ახსოვდათ, რომ მათ ეს სიტყვა არ გაუგონიათ, თუმცა მაინც ეცნოთ.

ო’კონორი და მისი ჯგუფი ელოდა, რომ ექსპერიმენტის დროს აქტიური იქნებოდა ტვინის ის უბნები, რომლებიც მეხსიერებაზე არიან პასუხისმგებლები, მაგალითად ჰიპოკამპუსი, თუმცა, ასე არ მოხდა. აღმოჩნდა, რომ ტვინის ის უბნები იყო აქტიური, რომლებიც გადაწყვეტილების მიღებაზე და კოლექტიურ მუშაობაზეა პასუხისმგებელი.

საერთაშორისო მეხსიერების კონფერენციაზე ბუდაპეშტში, ო’კონორმა განაცხადა, რომ მისი აზრით, მეხსიერებაზე პასუხისმგებელი რეგიონები შესაბამის სიგნალს აგზავნიან მაშინ, როცა შეუსაბამობას შეამჩნევენ რეალურად განცდილ მოგონებასა და "ცრუ მოგონებაზე" დაფუძნებულ შეგრძნებას შორის.

"ჩვენი აზრით, დეჟა-ვუ ტვინის მიერ შეგნებული ქმედებაა იმისათვის, რომ შეგვატყობინოს მეხსიერებაში არსებული ხარვეზები და შეუსაბამობები. ამ მოსაზრებას შეუძლია განამტკიცოს ასევე ის ფაქტი, რომ ასაკის მატებასთან ერთად დეჟა-ვუს შეგრძნებები იკლებს. დეჟა-ვუ შეცდომა კი არაა, შეცდომის პრევენციაა, რომლის ეფექტურობაც ასაკთან ერთად მცირდება", - ამბობს ო’კონორი.

აქედან გამომდინარე, შესაძლებელია დეჟა-ვუ სრულიად ბუნებრივი მოვლენა იყოს, რომელიც მეხსიერების გადამოწმებაში გვეხმარება.

სტატია მომზადებულია ScienceAlert -ის მიერ.

მასალის წყარო


გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 101 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: medicina, ნეირომეცნიერება, mecniereba, neiromecniereba, დეჟა ვუ, მედიცინა, fsiqologia, მეცნიერება, ფსიქოლოგია, Deja Vu | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...