გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » 2018 » ივლისი » 6 » კოკა ესაიაშვილი — დახატული სამოთხე / koka esaishvili — dakhatuli samotkhe
4:31 PM
კოკა ესაიაშვილი — დახატული სამოთხე / koka esaishvili — dakhatuli samotkhe






ანდრეა არნოლდის ფილმი „ამერიკული თაფლი“ ეკრანზე 2016 წელს გამოვიდა და ჩემთვის წლის ყველაზე დაუფასებელი ფილმი იყო. ეს კი, ალბათ, იმის ბრალია, რომ რეჟისორი არაპოპულარული ადამიანებით დაინტერესდა და გვაჩვენა ის პერსონაჟები, ვისაც დასაკარგი არაფერი აქვს, ვინც თავის გასატანად ქალაქიდან ქალაქში, შტატიდან შტატში მოგზაურობს, ჟურნალებზე ხელმოწერებს ყიდის, გასამრჯელოდ კი, გაყიდვებიდან პროცენტს იღებს. შეიძლება ითქვას, ფილმი დაკარგულ თაობაზეა, რომელიც ცხოვრების ნახევარს გზაში ატარებს, მეორე ნახევარს კი – თავის გადასარჩენად ბრძოლაში. თუ ჰოლივუდის ფილმებში მეტ-ნაკლებად ვხედავთ „ამერიკულ ოცნებას“ და წარმატებული ცხოვრების შანსებს, არნოლდის ნამუშევარში მედლის მეორე მხარეს ვუყურებთ. სწორედ ამავე ტალღის გაგრძელებაა შონ ბეიკერის ფილმი „პროექტი ფლორიდა“, რომელიც ამ დაკარგული თაობის მომდევნო ეტაპს გვაჩვენებს – დროს, როდესაც მათ უკვე შვილები ჰყავთ და ახლა უსახლკარობას ებრძვიან.

„ეს პრობლემა უცხო იყო ჩემთვის. არ ვიცოდი, რომ არსებობდნენ „უჩინარი უსახლკაროები“ – ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ მუდმივი საცხოვრებელი და თავს იაფიან მოტელებს აფარებენ.

თავდაპირველად ყურადღება ერთმა სამწუხარო კონტრასტმა მიიქცია – აქ არიან ბავშვები, რომლებიც იაფიან მოტელებში იზრდებიან და ამ დროს მსოფლიოში ყველაზე ჯადოსნური ადგილის (დისნეილენდის) მახლობლად ცხოვრობენ.
სწორედ ამიტომ თავიდანვე ბავშვები ავიჩემე, მათ ვაკვირდებოდი და ნელ-ნელა მივედი იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ყველაფერი სულაც მხოლოდ მათი პერსპექტივიდან გვეჩვენებინა“, – ამბობს „პროექტ ფლორიდის“ რეჟისორი, შონ ბეიკერი.


ფილმის მთავარი გმირია 6 წლის მუნი, რომელიც დედასთან ერთად მოტელ „ჯადოსნურ ციხესიმაგრეში“ ცხოვრობს, ზაფხულის ცხელ დღეებს კი, სხვა ბავშვებთან ერთად, ავტოსადგომზე თამაშში ატარებს, სანაყინესთან ხალხს ატყუებს და ფულს სთხოვს, მეზობლებს ლანძღავს და ა.შ. ეს ყველაფერი, ცხადია, ცუდი აღზრდის და ზედმეტი თავისუფლების ბრალია. მუნის დედა, ჰეილი, ახალგაზრდა ქალია, ფილმის ბოლომდე თითქმის არაფერი ვიცით მათ წარსულზე, იმაზე, თუ რატომ აღმოჩნდნენ ასეთ მდგომარეობაში. თუმცა მიხვედრა არც ისე რთულია.

ფილმი კლაუსტროფობიულ გარემოს ქმნის და ამითაც მოქმედებს მაყურებელზე: რამდენადაც გაშლილია გარეთა სივრცე, იმდენად პატარაა მოტელის ოთახები, რომლის მუდმივ ბინადრებადაც იქცნენ ფილმის გმირები. არასტაბილურობის განცდა კი, შიგადაშიგ პანიკურ შფოთსაც იწვევს. ერთ სცენაში მუნის მეგობარი ბიჭი, ოჯახთან ერთად, მოტელს ტოვებს და სხვა ქალაქში გადადის, თავის სათამაშოებს კი ეზოს სხვა ბავშვებს უნაწილებს, რადგან მანქანაში ადგილს არ უტოვებენ.

ასეთ ეპიზოდებში ყველაზე ხელშესახებად და გულწრფელად ჩანს, რამდენად მყიფე და ხანმოკლეა არა მხოლოდ კავშირი კონკრეტულ ნივთებსა და გარემოსთან, არამედ ადამიანური ურთიერთობებიც. ამ დრამატული თემების მიუხედავად, რეჟისორი თითქმის არასოდეს კარგავს ზომიერების ზღვარს; თითქმის არასდროს ინდომებს, მაყურებლის გრძნობებით ითამაშოს, ვინმე როგორმე შეგვაცოდოს. ევროპული სოცრეალისტური კინოს ფაქიზი გმირებისგან განსხვავებით, „პროექტ ფლორიდაში“ სახელმწიფოს ფეხებს არ უბაკუნებენ. ბეიკერის გმირები ბოლომდე იბრძვიან გადარჩენისთვის, ხან გამართლებული, უკიდურეს შემთხვევებში კი, გაუმართლებელი გზებით. სწორედ ამიტომ არიან ისინი ასეთი მძიმე ხასიათის ადამიანები. ძნელია ამ ფილმის პერსონაჟების შეყვარება, თუმცა მათდამი სოლიდარობის განცდა აშკარად ჩნდება. სისტემური პრობლემის გააზრება და სახელმწიფოს როლით დაინტერესება კი მაშინ იწყება, როდესაც ნათლად ვხედავთ, რომ უკეთესი მომავლის ხედვა, შრომის სურვილი და მონდომება ხშირად შეიძლება საკმარისი არ იყოს, თუნდაც ისეთ ქვეყანაში, როგორიც ამერიკაა. ამ ფილმის ერთ-ერთი ღირსება, სხვა ყველაფერთან ერთად, სწორედ ეს თანმიმდევრულობაა, რომელსაც ნელი თხრობით მივყავართ ზღაპრულ ფინალამდე; ზღაპრულამდე, რადგან ფილმი მაინც ბავშვებზე, ბავშვობასა და მათ ურთიერთობებზეა. შონ ბეიკერს არ ავიწყდება საკუთარი პრიორიტეტები და ფილმიც ასე ვითარდება.

რეჟისორი თითქოს პიტერ პენია, რომელიც არ გაზრდილა და თავის წილ ნევერლენდზე გვიყვება, რომელშიც მუნი ცხოვრობს და თავგადასავლებს დაეძებს მეგობრებთან ერთად.
თუმცა ჯადოსნური ამ ყველაფერში მხოლოდ ბავშვობაა, დანარჩენი კი ჯადოსნური სამყაროს მხოლოდ ანარეკლია. ძნელია, შექმნა ასეთი სამყარო გამოუცდელ მსახიობებთან ერთად, რომლებიც ჯერ კიდევ ბავშვები არიან. ამიტომ მათი სამსახიობო შესრულება ძალიან შთამბეჭდავია. საერთოდ, ამ მხრივ, მთელი გუნდი გამორჩეულია, განსაკუთრებით – უილიამ დეფო, რომელიც მოტელის მენეჯერს თამაშობს.

სერგეი ეიზენშტეინი თავის ერთ წერილში ჩაპლინის ფილმებს დაკარგულ სამოთხეს უწოდებს, ხოლო დისნეისას – დაბრუნებულ სამოთხეს – სამოთხეს, რომელიც რეალურად არ არსებობს და მისი შექმნა მხოლოდ ნახატში შეიძლება. მუნის შემთხვევაშიც ასე ხდება – ის თავის მეგობარ ჯენსისთან ერთად დისნეილენდში გარბის, აღთქმულ მიწაზე და ასე ცდილობს დაიბრუნოს ბავშვობა – სამოთხე, რომელიც წაართვეს. თუმცა, როგორც ეიზენშტეინი ამბობს, ეს „დაბრუნება“ მხოლოდ ნახატში, ამ შემთხვევაში კი, მხოლოდ მუნის ფანტაზიაში შეიძლება.



გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მოცემულ მასალაზე - კომენტარის სახით.



მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 48 | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: დახატული, სამოთხე, recenzia, კინო, kino, samotkhe, dakhatuli, proeqti florida, პროექტი ფლორიდა, რეცენზია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით





Загрузка...